2026 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე ახალი ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გარკვეული სიახლეები, რომელთა ამოქმედებაც მომავალი წლიდან იგეგმება, შეეკრიბა. გთავაზობთ, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას:

უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

2026 წლის 1-ლი იანვრიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ. საუბარია, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევის პოლისზე, რომლის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ქართულ, ან ინგლისურ ენაზე) ქონა, მათთვის სავალდებულო ხდება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, პოლისის სადაზღვეო თანხა სავალდებულოა და შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს. ამასთან, პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვეო კომპანიის მიერ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა დაზღვეული უნდა ჰქონდეს საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე.

იანვრიდან პენსია 370 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ პენსიონერები კი 495 ლარს მიიღებენ

იანვრიდან ასაკობრივი პენსია 370 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ პენსიონერები კი 495 ლარს მიიღებენ.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, იქ მცხოვრებთათვის ასაკობრივი პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში, 2026 წელს მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.

2026 წლიდან თანამდებობის პირების ხელფასები კვლავ იზრდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება. მათ შორის, დაგეგმილია: პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

ამასთან, იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი (8), პარლამენტის წევრების ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ კოეფიციენტით ხელფასების გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება, რომელიც კონკრეტული წლის ბიუჯეტით განისაზღვრება. ასე მაგალითად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1600 ლარი იქნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით გთავაზობთ, რამდენი იქნება თანამდებობის პირების ხელფასები მომავალი წლიდან (თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):

  • პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) - თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
  • მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი;
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 13 760 ლარი, წლიურად 165 120 ლარი;
  • პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 12 800 ლარი, წლიურად 153 600 ლარი.

რა იცვლება საზღვარგარეთ დასაქმების სააგენტოებისთვის 2026 წელს

საზღვარგარეთ დასაქმების სააგენტოებისთვის 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან გარკვეული ცვლილებები შედის ძალაში. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები შედის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესში.

ცვლილებების მიხედვით, თუ მანამდე შესაბამის სერტიფიკატს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემდა, ახლა ეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დისკრეცია ხდება. სწორედ აღნიშნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.

გარდა ამისა, თუ მანამდე სერტიფიკატი დოკუმენტაციის შემოწმებიდან არაუგვიანეს 90 დღეში გაიცემოდა, თებერვლიდან ვადები მცირდება და მაქსიმალურ პერიოდად განისაზღვრება 60 დღე.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მიიღებს სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ გადაწყვეტილებას, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას განესაზღვრება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარს იტყვის, ან გაუქმდება გაცემული სერტიფიკატი, კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/ სერტიფიკატის გაუქმებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

2026 წლის 1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

2026 წლის 1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. უფრო კონკრეტულად, ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.

რაც შეეხება სანქციას, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

1-ლი იანვრიდან მოქალაქეთა ნაწილს შეჩერებული მართვის მოწმობა აღუდგება

2025 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეთა ნაწილს სხვადასხვა დარღვევის გამო შეჩერებული მართვის მოწმობა აღუდგებოდა. კერძოდ, შეღავათი ვრცელდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის. შსს-ს ცნობით, მართვის უფლების აღდგენა შესაბამისი პირებისთვის 1-ლი იანვრიდან მოხდება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთ მოქალაქეს დეკემბრის ბოლო დღეებში უკვე აესახა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ მათი შეჩერებული მართვის უფლება აღდგენილი იყო.

1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტშია ნათქვამი.

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - ვკითხულობთ რეგლამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 50 ათას ლარამდე გაიზრდება

დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება. კერძოდ, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, 2026 წლის 1-ლი აპრილიდან, სადაზღვეო თანხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თავდაპირველად დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 5 ათასი ლარი განისაზღვრა; 2020 წლის ივლისიდან ეს ზღვარი 15 ათასამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ათასი ლარი გახდა.

ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვალდებულება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, იანვრიდან ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალება.

1-ლი იანვრიდან წყდება მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა

2026 წლის 1-ლი იანვრიდან აღარ გაგრძელდება მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა. ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემურად აზომვას, საკადასტრო სამუშაოების ჩატარებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო დასახელებული.

შესაბამისად, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირება მხოლოდ სპორადული წესით შეეძლებათ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე.

ცნობისთვის, სპორადული წესით რეგისტრაცია მოქალაქეების მხრიდან წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს და გარკვეული საფასური არის გადასახდელი. ხოლო სისტემური წესით რეგისტრაციის პროცესი შესაბამის გეოგრაფიულ არეალში პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წარიმართება და ყველა მომსახურება მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება. ამ შემთხვევაში ყველანაირი ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ ხდება და მომსახურება არის უფასო.

1 კოლოფ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი 85 თეთრით გაიზრდება, ადგილობრივზე კი 60 თეთრით შემცირდება

1 კოლოფ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი 85 თეთრით გაიზრდება. კერძოდ, 1-ლი იანვრიდან 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი ამ დრომდე 20 ღერზე 1.90 ლარს შეადგენს.

ამასთან, იანვრიდან შემცირდება აქციზის განაკვეთი ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტზე. კერძოდ, ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე (ერთ კოლოფზე) 1.30 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით. ცნობისთვის, აქციზის განაკვეთი ამ შემთხვევაში იმპორტირებულის მსგავსად, 1.90 ლარი იყო, შესაბამისად, საქართველოში წარმოებულ კოლოფ სიგარეტზე 60 თეთრით მცირდება.

საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღება იქნება საჭირო

საქართველოში თამბაქოს წარმოებისთვის ლიცენზიის აღების ვალდებულება, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა, მოგვიანებით 2026 წლამდე გადავადება გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს წარმოებაზე ლიცენზიის ოდენობად 50 000 ლარია განსაზღვრული. ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალათ. სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს, რომ თამბაქოს პროდუქტი მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს შეესაბამება.

სკოლაში შესვლას 6 წლამდე ასაკის ბავშვები ვეღარ შეძლებენ

2026 წლიდან სკოლაში შესვლას 6-წლამდე ასაკის ბავშვები ვეღარ შეძლებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლის შეუსრულდებათ 6 წელი“, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ცნობისათვის, სკოლაში შემსვლელთა ასაკობრივ ზღვარი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. 2023-2024 წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარი კიდევ შემცირდა და იმ წელს პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ. 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში იმ ბავშვების დარეგისტრირებაც დაუშვეს, ვისაც 6 წელი 1 დეკემბრამდე უსრულდებოდა, 2025-2026 სასწავლო წლისთვის კი დაბადების თარიღმა 31 დეკემბრამდე გადაიწია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლამდე პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებდნენ, ვისაც 6 წელი სასწავლო პროცესის დაწყებამდე უსრულდებოდათ.

პირადობის მოწმობებზე QR კოდის და თითის ანაბეჭდის დამატება იგეგმება

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, ვიზუალურად იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.

ცვლილებების მიხედვით, დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები. კერძოდ, მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ. გარდა ამისა, ცვლილებით, პირადობის მოწმობაზე თითის ანაბეჭდის დატანაც არის გათვალისწინებული.

ცვლილებები 2026 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება.

მართალია რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, თუმცა ბიზნეს ოპერატორებს მისი ამოყიდვისთვის გარდამავალ პერიოდი მიეცემათ. კერძოდ:

  • სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში;
  • პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში;
  • ხოლო, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები (საგნები), რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა (ჩანგლების, დანების, კოვზები და ა.შ.), დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან, ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად, ფინანსური ჯარიმებიც წესდება.

თბილისის გარკვეულ ზონებში ჯართის, საბურავების და ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია იკრძალება

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალება. უკვე განსაზღვულია ზონები, სადაც აღნიშნული საქმიანობა სრულად აკრძალული იქნება და ტერიტორიები, სადაც დასაშვები იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვით.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობა ნებადართული არ იქნება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. დასაშვებ ფუნქციურ ზონებში კი (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, რეგულაციას დაქვემდებარებულია 14-ზე მეტი მსხვილი არეალი. აღნიშნულ ლოკაციებზე მესაკუთრეებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე და 1500-ზე მეტი საშუალო მეწარმე ჰყავთ დასაქმებული.

არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ

არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს სერტიფიცირების ვალდებულება 2026 წლის შემოდგომიდან გაუჩნდებათ. კერძოდ, საუბარია ცვლილების 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედებაზე.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ კი 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა.

მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკურ მახასიათებლებზე დადგენილება მიიღო

მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი დაამტკიცა.

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესით განსაზღვრულია ფასადის, სახურავის, ღობის, ფერების პალიტრის, ლანდშაფტის ინტეგრაციის, ქუჩების ესთეტიკის, ვიზუალური იერარქიის, დასახლების ხედის (ურბანული სილუეტის), მხატვრული დეტალების, ურბანული დიზაინის და სხვა ელემენტების ურთიერთშესაბამისობა. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე/მშენებლობის შეტყობინების შესახებ დასტურის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ ეს წესები 2026 წლის 1-ლი ივლისიდან სავალდებულო იქნება, იქამდე კი სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამასთან, ამ წესის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა.

2026 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები

ქვეყანაში ახალი ჯარიმები წესდება. აღნიშნული ფულადი სანქციების ამოქმედების ვადად 2026 წლის 1-ლი მარტია განსაზღვრული.

საუბარია, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე, რომლითაც უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, დამსაქმებლებს კი მათი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ.

„შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი, ფულადი სანქცია ორმაგდება.

2026 წლის ივნისიდან „გიდების სერტიფიცირების შესახებ“ კანონი ამოქმედდება

როგორც ცნობილია, 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება გიდების სერტიფიცირების ვალდებულება და ამ წესეის დარღევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები.

კერძოდ, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე, სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. ამასთან, მის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

რაც შეეხება სანქციების ნაწილს, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არ ქონა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელ ბიზნესს ახალი ვალდებულება გაუჩნდება

კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელ ბიზნესს ახალი ვალდებულება გაუჩნდება. საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განთავსებას მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებგვერდი, აპლიკაცია და სხვა), მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას და ფორმით განათავსოს/მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“, - ვკითხულობთ სებ-ის ბრძანებაში.

კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისთვის აღნიშნული ცვლილება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

2026 წლიდან ამოქმედდება შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის ივლისში მიიღო, 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება:

  • ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
  • დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.
  • საზოგადოებრივი სავრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
  • აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;
  • ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ამასთან, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ნაწილი უკვე 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. კერძოდ:

  • ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვაზე;
  • მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი და ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დოკუმენტების მოწესრიგება;
  • 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ანტირაბიული ვაქცინაციისა და სტერილიზაცია - კასტრაციის პირობების დარღვევისთვის განისაზღვრა გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმები;

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც. მათ სრულად დაეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ მიკედლებული ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვა.

www.bpn.ge