საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე საფრანგეთში, პარიზში, კონკურენციის გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
OECD-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და კონკურენციის სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სტრატეგიული მნიშვნელობის სესიის ფარგლებში, რომელიც ჯანდაცვის სექტორში კონკურენციას შეეხებოდა. GCCA-ის თავმჯდომარემ აღნიშნული მიმართულებით 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოს პრაქტიკა გაუზიარა.
მისი თქმით, GCCA-ის ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები საფუძვლად დაედო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ბაზარზე კოორდინირებული ქმედებების აღმოფხვრასა და შედეგად, გაიზარდა მომხმარებლების ხელმისაწვდომობა როგორც ფარმაცევტულ, ისე ჯანდაცვის სექტორებში, გაუმჯობესდა ბაზრის გამჭვირვალობა და ეფექტურობა.
ირაკლი ლექვინაძემ ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად ფარმაცევტულ სექტორში მიღწეულ შედეგებს. კერძოდ, GCCA-ის თავმჯდომარის თქმით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, მათ შორის რეფერენტული ფასების შემოღების შედეგად, პაციენტების წლიურმა დანაზოგმა მედიკამენტებზე, 2024 წელს, დაახლოებით 110-115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, განსაკუთრებულად აღინიშნა სააგენტოს მიერ შეთანხმებული პრაქტიკის გამოვლენა ონკოლოგიური მედიკამენტების მიმართულებით, ჭარბი ფასების გამოვლენა რიგი იმპორტიორების შემთხვევაში, გახდა ჯარიმების დაკისრების საფუძველი შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისათვის.
ამ დროისათვის მიმდინარეობს სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი, რომლის შედეგები 2026 წელს გახდება ცნობილი. ბაზარზე მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფების დიდი წილის პირობებში მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი კონცენტრაციებზე, 2020-2025 წლებში 9 კონცენტრაცია იქნა დადასტურებული, ყველა ვერტიკალური ინტეგრაციის მიმართულებით.
ამასთან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ მოდერატორობა გაუწია სესიას - „კონკურენციის გამოწვევები ფარმაცევტულ სექტორში: ფასები, ინტელექტუალური საკუთრება და ვერტიკალური ინტეგრაცია“. GCCA-ის თავმჯდომარემ კოლეგებს ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევები და საუკეთესო გამოცდილება გააცნო. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ GCCA-ის გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. სესიაზე სხვადასხვა ქვეყნებმა ფარმაცევტულ და სამედიცინო ბაზარზე კონკურენციის რეგულირების და გადაწყვეტილებების საკუთარი გამოცდილება წარადგინეს.
ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, კონკურენციის გლობალურ ფორუმს GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ქავთარაძე დაესწრნენ.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს.