საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის, 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკები მომზადდა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, აღნიშნულის საფუძველზე მუშავდება რისკის რუკები, რაც ხელს შეუწყობს სტიქიისადმი მოწყვლადი არეალების იდენტიფიცირებას და ზეგავლენაზე დაფუძნებული გაფრთხილებების გავრცელებას.

საუბარია, ისეთ რისკებზე, როგორიცაა: წყალდიდობა, თოვლის ზვავები, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი და ღვარცოფი.

გარემოს დაცვის ეროვნული საატენტო განმარტავს, რომ ზოგადად, ადრეული გაფრთხილების სისტემას,შედგება 4 კომპონენტისგან. კერძოდ:

რისკის შესახებ ინფორმაცია (შედგება საფრთხისა და რისკის რუკებისგან);
მონიტორინგი და პროგნოზირება;
გაფრთხილებების გავრცელება;
რეაგირება.
რაც შეეხება ეტაპებს, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროისთვის, სააგენტოში აცხადებენ:

“გარემოს ეროვნული სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საფრთხეების რუკების მომზადებას, სადამკვირვებლო ქსელისა და საპროგნოზო სისტემების განვითარებას და ამის საფუძველზე გაფრთხილებების მომზადება და გავრცელებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამჟამად გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის ცალკეული ქვესისტემების სრულყოფა/განვითარების სამუშაოები, კერძოდ:

შეძენილი და განთავსებული იქნა 154 ერთეული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების სტაციონალური ავტომატური სადგური.

შეძენილ იქნა და გამართულად ფუნქციონირებს მაღალი წარმადობის კომპიუტერი (HPC) ამინდის პროგნოზირების სისტემისთვის;

ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამართვის და გარემოს ეროვნულ სააგენტოში დანერგვის სამუშაოები;

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 2 მაღალი გარჩევადობის მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც ფარავს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსალოდნელი ძლიერი ნალექების და მასთან დაკავშირებული წყალდიდობა-წყალმოვარდნების პროგნოზირების ხარისხი;

გრძელდება მუშაობა პროგნოზირების გაუმჯობესებაზე. შეიქმნა

წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა, რომელიც მუშაობს სატესტო რეჟიმში. მიმდინარეობს ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირების დანერგვის სამუშაოები”- აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის სამუშაოები მიმდინარეობს 2019 წლიდან და მისი დასრულება 2027 წელს არის დაგეგმილი.

„თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და ამ მიმართულებით შემდგომ წლებშიც გაგრძელდება მუშაობა”,- აღნიშნავს სააგენტო.

www.bpn.ge