რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მან განმარტა, თუ რა უფლებებს და ვალდებულებებს ანიჭებს ნარდობის ხელშეკრულება დამკვეთსა და შემსრულებელს. 

„თუ თქვენი ხელოსანი აგვიანებს რემონტის დასრულებას ან ნივთი დამზადდა, რომელიც უხარისხოა და არ მოგწონთ, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულ ხელშეკრულებას ჰქვია ნარდობის ხელშეკრულება. 

ნარდობის ხელშეკრულებით შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას რომ გარკვეულ დროში დაამზადებს ნივთს ან შეასრულებს სამუშაოს, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას რომ გადაუხდის მას ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის ან შეთანხმებული ნივთის ღირებულებას. 

მომსახურების ხელშეკრულების დროს შემსრულებელი დამკვეთზე არის დამოკიდებული. ის არ არის ქონებრივად და უფლებრივად დამოუკიდებელი და ის ვალდებულია შეასრულოს დამკვეთის მოთხოვნები. ნარდობის ხელშეკრულებით კი ორივე მხარე თანაბარია და მენარდე როგორც ქონებრივად, ისე უფლებრივად, პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე. 

ნარდობის ხელშეკრულების დროს დამკვეთს უფლება არ აქვს მიუთითოს მენარდეს ერთი და იმავე ფასის, ერთი და იმავე ხარისხის ნივთის კონკრეტულ მაღაზიაში შეძენა. თუ ხარისხი შეთანხმებულია, მენარდე უფლებამოსილია სადაც თვითონ სურს და სადაც მისთვის ხელსაყრელია, იქ შეიძინოს მასალები და ნივთები. 

მომსახურების ხელშეკრულების დროს შემსრულებელი ვალდებულია ერთპიროვნულად შეასრულოს სამუშაო. მენარდის შემთხვევაში, მას შეუძლია შეუთანხმოს დამკვეთს, რომ მასთან ერთად, სხვა მესამე პირებიც იქნებიან ჩართული სამუშაოს შესრულებაში“, - განაცხადა იურისტმა.

მისი თქმით, ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ შემსრულებელი პასუხისმგებელია მთლიანად სამუშაო პროცესზე, ისევე როგორც შედეგზე. 

ამავდროულად, ანაზღაურება ხდება სამუშაოს დასრულების შემდეგ და დამკვეთი ვალდებული არ არის ხელოსანს თანხის გარკვეული ნაწილი წინასწარ გადაუხადოს. 

„მენარდე პასუხს აგებს არა მხოლოდ შედეგზე, არამედ სამუშაოს შესრულების ეტაპებზეც ანუ მნიშვნელოვანია, როგორ შესრულდა სამუშაო, რამდენად დროულად და როგორი იქნება საბოლოო შედეგიც. შესაბამისად, დამკვეთი თავისუფალია ვალდებულებისგან რომ გარკვეული თანხა წინასწარ გადაიხადოს. 

ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ხელოსნისთვის წინასწარ ხდება თანხის 50-60%-ის გადახდა. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ჩვენ შეგვიძლია ხელოსანს ვუთხრათ, რომ ის ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ. 

იმ შემთხვევაში თუ ხელოსანი ვერ იღებს დამკვეთისგან საჭირო ოდენობის ანაზღაურებას, მას უფლება აქვს შესრულებულ ნივთს დაადოს გირავნობა და ეს შეიძლება გააკეთოს სააღსრულებო ბიუროში, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ქონებას, მას შეუძლია გააკეთოს იპოთეკა“, - განმარტა გვანცა ჟორჟოლიანმა.