ქართველი ერი დაბერების აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი სიკვდილიანობა, დაბალი შობადობა, ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობა და გაორმაგებული მიგრაცია – 2030 წლისთვის რეალურ საფრთხეს მოასწავებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, 2030 წლისთვის 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი საქართველოში 19%-მდე გაიზრდება. ამასთან, მომდევნო ათწლეულებში მოსალოდნელია მოსახლეობის კიდევ უფრო კლება და დაბერება.
ქვეყანაში დაბალი შობადობის მაჩვენებელი და მიგრაციის უარყოფითი სალდო მოსახლეობის დაბერებას და მის შემცირებას განაპირობებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი იზრდება. 2001 წელს მათი რაოდენობა მოსახლეობის 13,1 პროცენტი იყო, 2015 წელს მთელი მოსახლეობის 14,27 პროცენტი გახდა, ხოლო 2022 წელს — 15,46 პროცენტი. 21 წლის განმავლობაში კი 65+ ასაკის მოსახლეობის წილი გაიზარდა 7,5%-ით.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 810 000-მდე პენსიონერი ცხოვრობს, მაშინ როდესაც ოფიციალური ინფორმაციით ქვეყანაში 3.6 მლნ ადამიანია, ფაქტობრივად ყოველი მე-4 საქართველოს მოქალაქე პენსიონერია. წინასწარი მონაცემებით 2030 წლისთვის, პენსიონერთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება.
დემოგრაფიული კრიზისი ქვეყანაში 90 წლების შემდეგ დაიწყო. სამოქალაქო ომმა, თანმდევმა ეკონომიკურმა პრობლემებმა და მიგრაციამ ქვეყანა არსებულ შედეგამდე მიყვანა. გარდა ამისა, 2012 წელს საქართველოში პიკს მიაღწია აბორტების რიცხვმაც და 40 000 შეადგინა. ხანდაზმულთა განსაკუთრებული მატება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა – 1961 წელს საქართველოში შობადობის პიკი დაფიქსირდა და დღეს ეს ადამიანები საპენსიო ასაკის არიან.
ერის დაბერება ქვეყანას დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად ეკონომიკურ პრობლემებსაც ქმნის, რაც ბიუჯეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. შრომისუნარიანი ახალგაზრდების კლების და მიგრაციის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს სულ უფრო მეტი პენსიონერის შენახვა უწევს.
სპეციალისტები პრობლემის მოგვარების 3 ძირითად გზას ასახელებენ: შობადობის მაჩვენებლის ზრდა, მიგრაციის მაჩვენებლის შემცირება და საპენსიო ასაკის მატება. IDFI საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდის რეკომენდაციით გამოდის. IDFI-ს მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2012-2022 წლებში პენსიის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით (125.4 ათასი ადამიანით), მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50.7 ათასი ადამიანით, რაც მოსახლეობის 1%-იანი შემცირებაა.
„დაგროვებითი პენსიის კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2030 წლისთვის პენსიის და სოციალური დახმარების მიმღებთა საერთო რაოდენობა 1.1 მლნ.-ს მიაღწევს. 2060 წლისათვის კი, ასაკით პენსიონერთა ხარჯები საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 30% იქნება, თუ არსებული 18%-იანი ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნდება. ეს ცვლილებები სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს სოციალური საპენსიო სისტემის მდგრადობას“, – წერია IDFI-ს კვლევაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც აცნობიერებენ, რომ პენსიონერების რაოდენობის ზრდა ტვირთად აწევს ეკონომიკას და აფერხებს მის განვითარებას.
ევროპული სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია დაბერებულ ერებად ითვლებიან. ერის დაბერების დროს ქვეყანას აქვს უფრო მეტი გასაცემი ბიუჯეტიდან პენსიისა და სოციალური დახმარებების სახით. სწორედ ეს იყო მიზეზი რამდენიმე წლის წინ ევროპაში საპენსიო ასაკის გაზრდისა, ამხელა დაწოლას ბიუჯეტზე თვით ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი ვერ უძლებენ.
„საპენსიო ასაკი გაიზარდა მაგ. ნიდერლანდებში, 2013 წლიდან 2022 წლამდე საპენსიო ასაკი ნელ-ნელა გაიზარდა 65-დან 67 წლამდე და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის გამო კვლავ იგეგმება საპენსიო ასაკის ზრდა; დანიაში 2019-22 წლებში 65-დან 67 წლამდე; საფრანგეთში, 62-დან 64 წლამდე. აქტიურად დაიწყო საპენსიო ასაკის ზრდის მიმართულებით მოძრაობა, მაგ., გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, იაპონიაში, ესპანეთში“, - ნათქვამია კვლევაში.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისი უკვე დაწყებულია.
„საქართველოში უკვე დემოგრაფიული კრიზისია, ერი არ მრავლდება, დაბერებულია. ძნელია იმის თქმა, მომავალში რა იქნება, სავარაუდოდ გაგრძელდება შობადობის შემცირება და გვეყოლება დაბერებული მოსახლეობა.
სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ოჯახების შექმნას, დაუნიშნოს პირველი, მეორე, მესამე ბავშვის გაჩენისას მაღალი შემწეობები, შექმნას ნორმალური საცხოვრებელი პირობები, უმუშევრობა შეამციროს და გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, დაძაბული პოლიტიკური პროცესებიც მიგრაციას ზრდის, რაც თავის მხრივ მოსახლეობას ამცირებს, ამიტომ ეს საკითხიც მოსაგვარებელია“, - ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.