2023 წელს ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1,521,640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49,024  ლარი მიიღეს; ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშში, რომელიც საკრებულოს 2023 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს.

TI-ის განცხადებით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.

ძირითადი მიგნებები:

- ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;

- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საჯარო ინფორმაცია არასრულად ან/და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით მოგვაწოდა. ამიტომ  წარმოდგენილ კვლევაში რიგი მონაცემები სრულფასოვნად არ აისახა.

- ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;

- ოდნავ გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე. საანგარიშო პერიოდში სულ 24 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 6  იყო რიგგარეშე;

- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 31 დადგენილება მიიღო. მათგან  25-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 6 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე.

- ქუთაისის საკრებულოს 19  თანამდებობის პირიდან  დეკლარაციები დარღვევით 5-მა თანამდებობის პირმა შეავსო .

- 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას ოქტომბრის თვეში წარუდგინა, ხოლო  საკრებულოს - ნოემბერში.

- ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭომ საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ საკრებულოს და მერიას რეკომენდაციები წარუდგინა.

- საანგარიშო პერიოდში  შრომის ანაზღაურებაზე 1,521,640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49,024  ლარი მიიღეს;

- 2023 წელს ქუთაისის საკრებულომ 82,494 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 218,191 ლარი შეადგინა;

- 2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 26,943 ლარს მიაღწია.

- Საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოში არცერთი პეტიცია არ ყოფილა წარდგენილი.