არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ივანიშვილის უნივერსიტეტის გასაძლიერებლად უქმდება. ამის შესახებ მოსაზრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ცირა ბარამიძემ გამოთქვა.
მისი თქმით, ამით ქალაქ ქუთაისში არსებული ტექნიკური უნივერსიტეტი არ გაძლიერდება.
ცირა ბარამიძე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის განცხადება უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით, განათლების კონტიგენტის შემცირებას, პროფესორებისა და სტუდენტების კონტროლს ისახავს მიზნად.
"სახელმწიფოს სჭირდებოდა სწორედ იმ პროფილის განვითარება, რაც აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამები, პროფილი არათავსებადია მოცემულ შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტის [თსუ-ს] პროფილთან და საერთოდ სად იქნება ტექნიკური უნივერსიტეტი? რა უნდათ ახლა, ამით ჰგონიათ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისში გაძლიერდება? - არ მოხდება ეს, დაინგრევა და ეს იქნება სახელმწიფოს ნგრევის კიდევ ერთი, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ინერცია. ამას პოლიციის პოლკოვნიკი მიქანაძე, ქალაქის მერი, პრემიერი კი არ უნდა წყვეტდეს და საერთოდ ეს არ ვიცი ვის თავში მოიხარშა, ძალიან მიჭირს იმის გაანალიზება, სად იწერება ეს, როგორი ინსტრუქტორები უსხედან გვერდით, რომ ზუსტად იციან როგორ დაანგრიონ სახელმწიფო, ეს გათვლილია ძალიან მძიმე შედეგებზე.
პრემიერს, რომელიც ამ უნივერსიტეტის პროფესორიც არის, მივართმევ რა თქმა უნდა ის, რომ ამბობს, რომ ვერ ვნახე რაციონალური ახსნა რატომ... დაანგრევს იმიტომ, რომ მათი მიზანი სულ სხვა რამ არის - განათლების კონტიგენტის შემცირება, იმის საფუძველზე, რომ მართონ, აკონტროლონ პროფესურა და სტუდენტები, ე.წ. სატანისტებად რომ მონათლეს ჩვენი სტუდენტები," - განაცხადა ცირა ბარამიძემ.
დღეს და გუშინ ამ საკითხზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა.
სტუ-ის პროფესორები და სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდეს.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ განაცხადა, ორი უნივერსიტეტი გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც მათი ლეგიტიმაციისა და იურიდიული უფლებების დარღვევაა.
„მთავრობის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო, გვაქვს უსამართლობის განცდა. დაირღვა ჩვენი ლეგიტიმაცია, ჩვენი იურიდიული უფლებები, რადგან უნივერსიტეტი არის ავტონომიური ორგანო, არავითარი შეთავაზება და განხილვა არ ყოფილა. 16 იანვარს უნივერსიტეტის იუბილე გვქონდა, ღონისძიებაზე მოვიდა მინისტრი, მთავრობა, გვაქეს, გვადიდეს, ბოლოს კი ამით დასრულდა ყოველივე. არ ვიცი, ეს რა ფარისევლობაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმაც არ იცოდნენ, რომ ეს მზადდებოდა, როცა აქ მოვიდნენ. სად მიიღეს ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რატომ არის პანაცეა თსუ-ის და სტუ-ის შერწყმა, იქნებ აგვიხსნან ჩვენ, უვიცებს, რომლებმაც არაფერი ვიცით თურმე და ჩვენთან, თურმე განხილვას არ აქვს აზრი. თუ „გეპეი“ და თსუ ჰარვარდი და ოქსფორდი არ არის, როგორც ქვეყანა ვითარდება, ისე ვართ ჩვენც. ეს არის ჩვენი დედა უნივერსიტეტი და დავუშვათ, შენი დედა რომ მოხუცდეს, ავად გახდეს და დახმარება სჭირდებოდეს, ამ დედას გადააგდებ და ახალს მოიყვან? ჩვენ იმ დედას უნდა ვუმკურნალოთ, ვუწამლოთ, სისხლი გადავუსხათ. ამის ნაცვლად ავდგეთ და ვიღაცას შევერწყათ? ოჯახში რომ სატკივარი გქონდეს, სხვის ოჯახს შეერწყმები თუ რას იზამს? ან რა გაუმჯობესებაზეა საუბარი - თსუ-მა რა უნდა გაგვიუმჯობესოს, იმათ სხვა ნიშა აქვთ საერთოდ, ის არის ჰუმანიტარული სპეციალობების, ჩვენ - ტექნოლოგიური“,- განაცხადა მაია ბენიამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებიც თსუ-სთან გაერთიანების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მიმართა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
როგორც გურგენიძემ აღნიშნა, გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს.
„ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ.
თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრებ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს“,- განაცხადა რექტორმა, რომლის განცხადებასაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუ-ის პროფესორები და სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდეს.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილებას აპროტესტებენ თსუ-სა და ტსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები. მათ გვერდითაა სტუდენტებიც.