დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პროგრამა, ბენეფიციარებს, სრულიად უფასოდ, ახალი პროფესიის დაუფლების, ან სასურველი მიმართულებით, ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.
პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მოკლევადიან კურსებზე სწავლება, ძირითადად, 1-დან 3 თვემდე მიმდინარეობს და მასში ჩართულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კოლეჯები, მთელი საქართველოს მასშტაბით. კურსები შერჩეულია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით და ნებისმიერი სერტიფიკატი, რომელიც პროგრამის ფარგლებში გაიცემა აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, დაინტერესებულმა პირებმა, უნდა მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს, მისთვის მისაღებ რეგიონში. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 4 აპრილის ჩათვლით.
პროგრამის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში და ჯამში, 27 კოლეჯის 100-ზე მეტი სასწავლო კურსია წარმოდგენილი.
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა, მოქალაქეების ახალი უნარებით გაძლიერებასა და სწრაფ დასაქმებას ისახავს მიზნად. 2024 წელს, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები 3 692-მა პირმა გაიარა, უმეტესობა მათგანი საკუთარი პროფილით უკვე დასაქმდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.