„ნებისმიერი სტიქიის დროს მთავარია იყოს მისასვლელი გზა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავიდანვე რომ ჩართულიყო გზების წმენდაში, ეს იყო მთავარი რათა ოჯახებთან ცოცხალი ძალა მისულიყო,“ - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ასეთ სტიქიას ვერავინ ამარცხებს, მაგრამ პრევენციიდან გამომდინარე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, პირველ რიგში გზა უნდა გაწმენდილიყო. მთავარი ამოცანა იყო სანამ დიდი ნალექი გზაზე დაიდებოდა გზა გაწმენდილიყო პერიოდულად და მასშტაბურად. გზა არის მანდ მთავარი. პირველივე წუთებიდან უნდა დაწყებულიყო გაწმენდა. ეს დროულად რომ მომხდარიყო ჩათვალეთ, ძალიან ბევრი პრობლემა მოხსნილი იქნებოდა.

რაც შეეხება ტექნიკას, დეტალურად არ ვიცი რამდენად ჰყავთ, მაგრამ თუ შეტყობინებები იყო და ელოდებოდნენ ნალექს, ტექნიკის მობილიზებაც შეიძლებოდა დროულად. ასევე ასეთ დროს შეიძლება კერძო კომპანიების ტექნიკის გამოყენებაც. მაგალითად, ჩემ დროს კონკრეტული გეგმა გვქონდა შედგენილი და ყოველთვის ვაკონტროლებდით რამდენი კომპანია იყო ქვეყანაში, ვის რა ტექნიკა და საშუალება ჰქონდა, ბევრი სტიქიის დროს გამოგვიყენებია ეს ინფორმაცია, გვითხოვია კომპანიებისთვის და არავის უარი არ უთქვამს,“ - განაცხადა გიორგაძემ.

www.bpn.ge