ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც დედაქალაქში ტაქსით მომსახურება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს. ტაქსის მძღოლები ასევე ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან.

გათავისუფლება 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაკისრებულ ჯარიმა-საურავებს შეეხება.

შესაბამისი კანონის პროექტი პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

ინიციატორთა ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი შეიძინა.

“კერძოდ, ა) 135/4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნებართვის მფლობელებზე, ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის მიზეზით შედგენილი და აღუსრულებელია: - გადაუხდელი ჯარიმა – 6 832 საქმე, 656 542 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 15 400 საქმე, 4 865 000 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 3 394 საქმე, 1 115 942 ლარი; დ) გასაჩივრებულია 814 საქმე, 178 840 ლარი.

135/4 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შედგენილი და აღუსრულებელია: ა) გადაუხდელი ჯარიმა – 787 საქმე, 157 400 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 417 საქმე, 250 200 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 834 საქმე, 500 400 ლარი; დ) გასაჩივრებულია 722 საქმე, 218 600 ლარი.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამურად საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა.

ეს ფაქტობრივი მოცემულობა ამყარებს არგუმენტს, რომ ერთჯერადი სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით”, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

www.interpressnews.ge