2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსია იზრდება, უფრო კონკრეტულად, 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში - 20 ლარით (გახდება 370 ლარი), 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის კი 45 ლარით (გახდება 495 ლარი).

რამდენად იქნება შეღავათის მომტანი ეს მატება პენსიონერებისთვის, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა.

სპეციალისტის თქმით, ერთია, რომ პენსია იზრდება, მაგრამ მთავარი საკითხი ის არის, რამდენად ეზრდებათ პენსიონერებს მსყიდველუნარიანობა.

„თუ შევხედავთ მომავალი წლისთვის დაგეგმილ მატებას და მოვიშველიებთ იმ ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც ინფლაციის მიმართულებით გვაქვს, ეს ზრდა, სამწუხაროდ, მაინცდამაინც ხელშესახები არ არის. მაგალითად, თუ ინფლაციას შევხედავთ, რომელიც 5.3%-ით არის განსაზღვრული, სწორედ ამ ინფლაციის დათვლით გამოდის, რომ პენსიის რეალური მსყიდველობითი უნარი 20 ლარით კი არა, 1.30 ლარით იზრდება, რაც ბუნებრივია, მიზერულია. თუ მეორე კუთხით წავალთ და მაგალითად, სასურსათო ინფლაციას შევხედავთ, რომელიც 11.7%-ს აღწევს, აქ უკვე გაცილებით მძიმე სურათი გვაქვს - მომდევნო წლისთვის პენსია 20 ლარით კი არ იზრდება, ამ პენსიის მსყიდველობითი უნარი რეალურად 19 ლარით მცირდება.

არ არის გამოსავალი ნომინალში პენსიის 20 ლარით ზრდა, რაც ყოველწლიურად გვაქვს ხოლმე, გამოსავალია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რომელსაც ვერც ერთი წლის მანძილზე ვერ მიაღწია ეროვნულმა ბანკმა და საკუთარ მაჩვენებლებს მუდმივად აცდენილია“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.