დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აკრძალვას, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება, თუ ეს არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორს;
ერთსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა.
აკრძალული იქნება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ თემებზე პროპაგანდის წარმოება;
დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ აიკრძალება „ასეთი სცენების გაშვება ეთერში”;
„აიკრძალება შეკრება და მანიფესტაციები, თუ ის მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
პაპუაშვილის თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და უქმედ გამოცხადდება.
„გაგაცნობთ ძირითადად ასპექტებს, თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი.
პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.
მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა.
მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
მეოთხე, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში - დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
გარდა ამისა, მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები დაუშვებელი იქნება, რომ გადაცემული იქნას მაუწყებლის ეთერში.
მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს - აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
და ბოლო, მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.
ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ.
რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე", - განაცხადა პაპუაშვილმა.