ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ დაწერა.

მიზეზებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა მიანიშნა და აღნიშნა, რომ მალე გიორგი ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ საზეიმო ღონისძიებაზე ნაკრებთან ერთად არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორი მოთამაშე ვერ დაესწრო – გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე, რომელსაც „ატლანტა იუნაიტედში“ 4 ივლისს „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ თამაში ელის.