„სითი ინსტიტუტი საქართველო“ საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებაზე მუშაობს. როგორც პროექტის კოორდინატორი ოთარ მჭედლიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი აქცენტს აკეთებს საპროექტო ტერიტორიების სააგარაკე დანიშნულებაზე.
კვლევის ეტაპზე გამოვლინდა რამდენიმე გამოწვევა, რის წინაშეც სივრცითი განაშენიანების არეალი დგას. ასეთია მაგალითად, მზარდი განაშენიანება, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დაჩქარდა დაგეგმარების პროექტის შემუშავება.
„მთავარი გამოწვევაა ფეთქებადად მზარდი განაშენიანება. „კოვიდ“ პანდემიის შემდეგ მოხდა თბილისიდან მუხტის გამოტანა მიმდებარე არეალებზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად შესაძლებელია სააგარაკე ფუნქციის შეთავსება. აქედან გამომდინარე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რაც აისახა, როგორც მიწის ნაკვეთის ფასებში, ასევე, განაშენიანების ქაოსურობაში.
მანამდე საგურამოს და მიმდებარე ტერიტორიებს არ ჰქონია გეგმა, მათ შორის, სივრცითი. შედეგად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დიდი პრესის ქვეშ მოჰყვა და ამ ყველაფერმა გამოიწვია ისეთი პრობლემა, რაც ახასიათებს ქაოსურ განაშენიანებას. უფრო კონკრეტულად, გზა რიგ ტერიტორიებზე ნორმალურად ვერ მიდის, სადღაც ასევე შესაძლოა, რისკ ფაქტორად იქცეს უხვად მოსული ნალექის შედეგად წარმოშობილი ღვარცოფული ნაკადებიც“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, მზარდი განაშენიანება განსაკუთრებით საგურამოსა და მის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიებზე შეინიშნება.
ვრცლად: bpn.ge