„მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასწავლო პროცესის პოლიტიზება არის აკრძალული.
„მინდა ყველას შევახსენო, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასწავლო პროცესის პოლიტიზება არის აკრძალული. ეს არის სამართლებრივი ნორმა, მაგრამ რასაც ზოგიერთი პედაგოგი აკეთებს, ეს არის ამორალური ნორმა.
მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ, პირადად მე ვიყავი ავტორი და უმაღლესი საბჭო ინიციატორი, სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად. რა იცის 10 წლის ბავშვმა, რომელი კანონია რუსული და რომელი ევროპული. დაანებეთ თავი, ითამაშონ სათამაშოებით, ნუ ართმევთ ბავშვებს ბავშვობას" - ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი.