საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქის გაძევება განხორციელდა - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის - ჯამში 100 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“- ნათქვამია ინფორმაციაში.