15 და 16 ივნისს ჩილეში, ვალპარაისოში შიმშილისა და კვების უკმარისობის დასაძლევად მეორე გლობალური საპარლამენტო სამიტი ჩატარდა. სამიტის მიზანი მსოფლიოს პარლამენტებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევა იყო, რათა მომავალში სურსათის უსაფრთხოება ყველასთვის რეალობად იქცეს.
ორდღიანი სამიტის დროს, თემატურ სესიებსა და პარალელურ ღონისძიებებზე, ასევე, განიხილეს განვითრებისა და ინოვაციური კანონმდებლობის წარმატებული მაგალითები.
სამიტის დასასრულს, 16 ივნისს, ხელი მოეწერა ახალ საერთაშორისო საპარლამენტო პაქტს, რომელიც აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციასა და სრულფასოვან საკვებზე ყველას უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს.
„ამ ღონისძიებამ დაადასტურა, რომ 2018 წელს ესპანეთში გამართული პირველი შეხვედრა უსაფუძვლო არ ყოფილა. პროცესი, რომელიც დღეს ჩილეში დაიწყო სხვა კონტინენტებზეც გავრცელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განაგრძობს ტექნიკურ მხარდაჭერასა და საკანონმდებლო საქმიანობას, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველას შეეძლოს სრულფასოვანი კვება“, განაცხადა პაქტის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ და ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, მარიო ლუბეტკინმა.
ორასზე მეტმა პარლამენტარმა, ეროვნული და რეგიონული პარლამენტების თხუთმეტმა პრეზიდენტმა თუ ვიცე-პრეზიდენტმა და სამოცდაოთხი ქვეყნის საპარლამენტო სტრუქტურამ თანხმობა განაცხადა, რომ იმუშაოს აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციაზე, რათა მივიღოთ მდგრადი, ინკლუზიური, სამართლიანი, მყარი და სრულფასოვან საკვებზე ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემო.
ტექსტში აღნიშნულია, რომ FAO-მ ხელი უნდა შეუწყოს პაქტის განხორციელების პროცესს ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარებით იქნება ეს მონაცემთა შეგროვება თუ არსებული ბაზების გადახედვა; გლობალური ანგარიშების წარმოების მოდელის შემუშავება, პარლამენტარებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, თუ ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
პაქტი, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებს, რომ ხელი შეუწყონ სურსათის უსაფრთხოებისკენ მიმართულ ღონისძიებებს და შეიმუშაონ მექანიზმები, რომლებიც პარლამენტარებს დაეხმარება იბრძოლონ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების აღმოფხვრაში.