ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა.

„თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ“, - აცხადებს სანიოლი.