გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

„გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდინარე ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ-ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ-ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება. დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში აიდებულია რამდენიმე მდინარე.