დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს ღალატი. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
„პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, თუ რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე აზრით, კომისიის მუშაობის მიზანი მკაფიოა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ.
„ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება და ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, პერსპექტივა არ აქვს.
„არ ვიცი, რა ახალ ქმედებებზე უნდა გადავიდეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია. ეს მათი გადასაწყვეტია - რა ფორმით, როგორ და რანაირად, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ქვეყნის მტრებს, აგენტურას, იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ მომავალში და ისინი პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს