მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზეძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.

ეს ერთ-ერთია იმ სიახლეთა შორის, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.

არსებული კანონით, მასწავლებელს, რომელიც სკოლიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის ფაქტის გამო გათავისუფლდება, არ აქვს შეზღუდვა იმისა, რომ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს.

ინიციატივის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. უწყების განმარტებით, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო უზრუნველყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მსგავს შემთხვევებში მასწავლებლის/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის სასკოლო სივრცეში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების რისკებს ქმნის და სკოლისადმი საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახება.

“3-წლიანი შეზღუდვა სადამსჯელო ღონისძიებას არ წარმოადგენს, არამედ არის პრევენციული ხასიათის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებას და ამავდროულად მასწავლებლისთვის ქცევის კორექციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობის მიცემას.

აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლების სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, რომლებიც ძალადობის შემთხვევებში ითვალისწინებს დროებით პროფესიულ დისკვალიფიკაციას, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის ეფექტიან ინსტრუმენტს“, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტშია. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ipn.ge