რა სქემით დაფინანსდება რეანიმაციული სერვისები - განმარტებებს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი აკეთებს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, კლინკები დამატებით დაფინანსებას პაციენტის საავადმყოფოში 25-დღიანი დაყოვნების შემდეგ, დღიურად მიიღებენ. 25 დღემდე კი არსებული ტარიფი შენარჩუნდება, რაც აქამდეც იყო.

„მხოლოდ ძალიან ხანგრძლივ პაციენტებზე ხდებოდა დამატებით თანხის გაცემა, რომელიც ძალიან მიზერული იყო. მიდგომა შეიცვალა და იმ ფიქსირებულ ტარიფს, რომელიც აქამდე იყო, დაემატა 25 დღის მერე ანუ ხანგრძლივ პაციენტში კონკრეტული თანხები - 350 ლარი ერთი დღე, ოღონდ ეს თანხა წავა რეგრესით - 5 დღეში შემცირდება, მომდევნო 5 დღეში კიდევ შეიცვლება და ა.შ. როგორც დაანონსებულია, მინიმალური იქნება 140 ლარი,“ - აღნიშნა მახარაშვილმა.

შეგახსენებთ: გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსება იზრდება.

პროგრამის საპილოტე ეტაპზე, რომელიც სექტემბრიდან უნდა დაიწყოს, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას შეადგენს.
 
გაჟღერდა კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილებები შეიქმნება. 

jandacva.ge