ლაითურში ახალი, 700 მსჯავრდადებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას. ის სრულადაა მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.
მსჯავრდადებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდადებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.
მსჯავრდადებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.
დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც მსჯავრდადებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლების ფილიალების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. დაწესებულება სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
ღონისძიებაზე RE-BOX ის პროექტის საჩვენებელი ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მსჯავრდადებულებისთვის ციფრული ტექნიკის საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობისა და რესოციალიზაციის პროექტებზე ეფექტიანობის ასამაღლებლად ციფრული მმართველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა.
ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა.
ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების გახსნას ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.