პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში - „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ვაჟებისა და გოგონების ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდად დაკომპლექტებულმა 34-მა მოყვარულმა სპორტსმენმა. გამოვლინდნენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, რომლებსაც ტურნირის სპონსორებისგან ფულადი პრიზები, საწვავი, კონფერენციაზე - „სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი“ უფასო რეგისტრაცია, კურორტებზე განთავსება, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცათ.
“კურორტი მუაში გამორჩეულია თავისი უნიკალური წყლებითა და ულამაზესი ბუნებით. მას წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა თავისი ძველი იერსახე, რადგან ინფრასტრუქტურა იყო სრულად განადგურებული. დღეს, ისტორიული მნიშვნელობის დღეა ლენტეხისთვის, იწყება სწორედ კურორტ მუაშის განვითარების გეგმაზე მუშაობა. კურორტის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის“ - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა.
„კურორტების განვითარების სააგენტოს მიზანი კურორტების განვითარებასთან ერთად, მასობრივი სპორტის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობაა. „ბიატლონ სვანეთი 2024“-ის ჩატარება არის როგორც კურორტ მუაშის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი დასაწყისი, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოტივაციისა და წახალისების კარგი შესაძლებლობა. სააგენტო მომავალშიც იქნება მსგავსი ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერი“ - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ნატალია დოლიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია, სვანეთის DMO და შპს მთის ტრასების სააგენტო (MTA), ხოლო სპონსორები - „გალფ ჯორჯია“, ,,სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემია”, მაღაზიათა ქსელი ,,მაგელანი”, ,,XTREME”, ,,MPLUS” და ,,დეილი ქონვინიენს სთორ“.