„კრიზისების მართვა არ ვიცით, არ ვიცით როგორ არ უნდა გადაიქცეს ბუნებრივი მოვლენა კრიზისად, იყო შესაძლებლობა რომ საერთოდ არ დამდგარიყო კრიზისი“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, თოვა კვირაზე მეტია გრძელდება, უამინდობის შესახებ პროგნოზიც ცნობილი იყო და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შეეძლო, მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და რა უნდა მოემარაგებინათ.
„სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა კრიზისის მართვა, როდესაც სახელმწიფო ვერ მართავს კრიზისებს, მაშინ ერთვებიან ადამიანები. ადამიანს ესმის, რომ მისი მოყვასი გაჭირვებაშია, იღებს შესაბამის აღჭურვილობას და მიეშურება იქ. მართლაც შეიძლება ამ მოხალისეებმა გარკვეული პრობლემა შექმნან, ოღონდ სწორად მინდა ეს ადამიანებმა გაიგონ, პრობლემას მოხალისეები კი არ ქმნიან, არამედ სახელმწიფო რომელიც ამ კარგი ხალხის კოორდინაციას ვერ ახერხებს,“ - დასძინა უსაფრთხოების ექსპერტმა.
მანვე კომენტარი გააკეთა სამაშველო სამსახურების ფორმაზე. კერძოდ, გავრცელდა ფოტო მასალა, სადაც ჩანს, რომ მაშველები კამუფლაჟით არიან შენიღბულები. გოცირიძე აღნიშნავს, რომ მაშველები თვალსაჩინო ფერის ფორმას უნდა ატარებდნენ, რათა მათი გარჩევა მარტივი იყოს.
„ჩნდება შთაბეჭდილება, რომ კრიზისი არ იმართება, ან იმართება არასწორად. ადგილზე როდესაც ჩადის მაშველი, უნდა დახვდეს სამოქმედო გეგმა, რომ გადასარჩენია ესა და ეს პიროვნება, მისატანია საკვები აქ და აქ, იქ არის გზა გასაკვალი და ა.შ. არაკოორდინირებული მუშაობით შესაძლოა, ერთმანეთს ხელი შევუშალოთ.
ძალიან საინტერესოა კამუფლაჟი რატომ აცვია მაშველს, ცუდად რომ გამოჩნდეს თოვლზე? ეს ფორმა არის საბრძოლო მოქმედებებისთვის. კამუფლაჟი არის შენიღბვა, ინიღბები მაშინ როცა მტერს ვემალებით. არ გვაქვს ახლა ისეთი გაჭირვება, რომ შესაფერისი ტანსაცმელი ვერ ეცვას მაშველს. შვეიცარიაში აქვთ ნარინჯისფერი ფორმა და სულელები კი არ არიან. ნებისმიერმა მთამსვლელმა იცის, რომ უნდა გამოჩნდეს თოვლში,“ - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას დასავლეთში. ამ დრომდე ვერ ხერხდება საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდა.