„ჩვენი გადაწყვეტილებების 60%-ში ხდება პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების გაფორმება“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა საკითხების ამ შეთანხმებით მთავრდება და ეს პირდაპირი სარგებელია მომხმარებლისთვის. იმიტომ რომ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ გიბრუნდებათ თანხა, შეგიკეთებენ, ან გიცვლიან და პირდაპირ შედეგს იღებ.

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ 15 თვის განმავლობაში 600-მდე განაცხადი განიხილეს და რაც დრო გადის მომხმარებლები უფრო მეტ ნდობას გამოხატავენ  კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართ და მომართვიანობაც იზრდება.

სააგენტოს ხელმძღვანელმა „კომერსანტის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა რა შედეგი შეიძლება დადგეს, როცა მომხმარებელი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომართავს.

„3 შესაძლო შედეგი შეიძლება დადგეს ჩვენთან მომართვის შემდეგ: პირველი, როცა დარღვევა დასტურდება და მომხმარებელი მართალია და მოვაჭრეს ეძლევა 1 თვე, როცა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის უფლების აღდგენა - ან ნივთი დააბრუნოს, ან შეაკეთოს და ამასთანავე ვაძლევთ მას ვალდებულებას, რომ გაასწოროს სავაჭრო პოლიტიკა, ინფორმირების სტანდარტი, ან სხვა ისეთი საკითხი, რაზეც შეიძლება მომხმარებელს ჰქონდეს პრეტენზია. თუ საკითხი არ სწორდება, ამის შემდეგაა საუბარი საჯარიმო სანქციებზე“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მისი თქმით, შარშან საჯარიმო სანქციები მინიმალური იყო. „დარღვევის დადასტურების რამდენიმე ათეული შემთხვევაა და უფრო ნაკლებია, როცა ის არ გამოსწორდა და  დაახლოებით 30 000 ლარამდე ჯარიმა იქნა დაკისრებული იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მინიმალური ჯარიმა, ეს არის 600 ლარი და მაქსიმალური ჯარიმა ბრუნვის 2%-მდეა.

მეორე შედეგი ეს არის, როცა მომხმარებელი არ მართლდება. ასეთი შემთხვევა 10-მდე  გვაქვს სულ, ანუ როცა არ დადასტურდა მისი პრეტენზია. ასეთ დროს საკითხი იხურება.

მესამე არის შემთხვევა არის 60%-მდე ჩვენი გადაწყვეტილებების, როცა შესწავლის პროცესში ხდება პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების გაფორმება, მოვაჭრე ამბობს, რომ „მზად ვარ აღვადგინო მომხმარებლის დარღვეული უფლება და გავასწორო ჩემი სავაჭრო პოლიტიკა“. აქაც ჩვენ ვიღებთ გონივრულ ვადებს და თუ საკითხი იწურება, ამით საკითხი სრულდება. უმრავლესობა საკითხების ამ შეთანხმებით მთავრდება და ეს პირდაპირი სარგებელია მომხმარებლისთვის. იმიტომ, რომ პირობით ვალდებულების გაფორმებისას თქვენ გიბრუნდებათ ან თანხა, ან შეაკეთებენ, გიცვლიან და პირდაპირ შედეგს იღებ.

ჩვენი გათვლით, სააგენტოს საქმიანობით, 15-თვიან პერიოდში 500 000 ლარზე მეტი პირდაპირი ასეთი სარგებელი აქვს მიღებული მომხმარებელს. ეს კარგია, რადგან თუ კომპანია დაჯარიმდა, ჯარიმა ბიუჯეტში მიდის და მომხმარებელი პირდაპირ სარგებელს ვერ იღებს და ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია სასამართლოში გააგრძელოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.