საშემოდგომო მიღებაზე დაახლოებით 300 პროფესიული სტუდენტის სტატუსის მაძიებელ პირს შეეძლება, რომ ჩვენს კოლეჯ „იბერიაში“ ჩარიცხვა და განათლება მიიღოს, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კოლეჯ „იბერიას“ დირექტორმა ირაკლი ავალიანმა განაცხადა. მისი თქმით, კოლეჯში დასაქმების მაჩვენებელი 80%-ია.
„ნადირობა მიდის კადრებზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერთნაირად ბეჯითი, თავდადებული და მონდომებული არ არის. ეს განაპირობებს იმას, რომ დასაქმების 100%-ზე ვერ ავდივართ. აბსოლუტური უმრავლესობა საქმდება“, - განაცხადა ირაკლი ავალიანმა
მისი თქმით, კოლეჯი „იბერია“ იმერეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მულტიფუნქციური კოლეჯია. აქვს ფილიალი, საერთო საცხოვრებლითაცაა უზრუნველყოფილი, 2 მუნიციპალიტეტს - ქუთაისსა და ბაღდათს ფარავენ და 18 პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი.
„ჯამში 500 პროფესიული სტუდენტი გროვდება წლიდან წლამდე, ასევე ვახორციელებთ საკვალიფიკაციო გრძელვადიან პროგრამებს, გვაქვს სასკოლო პროგრამები, გვაქვს პროექტები სოციალურ სააგენტოსთან თანამშრომლობით. ჯამში, წლიდან წლამდე, 1500 ადამიანი გადის სწავლებას და მომზადებას ჩვენს კოლეჯში“, - ამბობს ირაკლი ავალიანი.
მისი თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ტურიზმის სფეროსა და კულინარიაზეა.
„ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწავლებას ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმი ერთი სფერო არ არის. ტურისტს ესაჭიროება სასტუმროში განთავსება, მოწესრიგებული სერვისი, კვება, გადაადგილება, მძღოლი და ა.შ. ამ სფეროს შეუძლია ძალიან ბევრი დარგის განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პროფესია, სადაც ყველაზე დიდი კონკურსი ცხადდება, კულინარიაა, ამასთან ერთად მოთხოვნადია სასტუმროს საქმე და სარესტორნო მომსახურება.
საშემოდგომო მიღებაზე შესაძლოა მოხდეს ჯგუფების გაერთიანება და დაახლოებით 300 პროფესიული სტუდენტის სტატუსის მაძიებელ პირს შეეძლება, ჩვენს კოლეჯში ჩარიცხვა და განათლების მიიღოს“, - აცხადებს ირაკლი ავალიანი.