სხვადასხვა დარღვევის გამო, კლინიკების მიერ განმეორებით დაჯარიმების შემთხვევების სტატისტიკა მაღალია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას, იმ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომელიც კლინიკების მიმართ მარეგულირებელი ორგანოს მანდატის გაფართოებას და დარღვევებზე ჯარიმების მკვეთრ ზრდას ითვალიწინებს.

მისი თქმით, მთავარია, ჯარიმებს ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, რადგან არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ განმეორებითი და მრავალჯერადი დაჯარიმება მარტივ გადაცდომებზეც კი ხშირია. გაბუნიას განმარტებით, ესაა დარღვევები, რომელთა გამოსასწორებლად კლინიკას შეეძლო ინვესტიციების განხორციელება, მაგალითად, შეეძინა სტერილიზატორი, ან განეხორციელებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამის ნაცვლად კი ეს თანხა ჯარიმების გადახდას მოხმარდა.

„მრავალჯერადი გადაცდომის შემთხვევაშიც კი ჯარიმა დაბალია, ვიდრე ინვესტიციის ოდენობა. ამიტომ მეტი პრევენციული დატვირთვისთვის გაორმაგდა რიგი მიმართულებით ჯარიმები. ეს იქნება პრევენციული მოტივაცია, რომ ინვესტიცია გაკეთდეს და არ მოხმარდეს ეს თანხა ჯარიმების გადახდას,“- განმარტა გაბუნიამ.

ცნობისთვის: კანონპროექტის თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმინობაზე ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი ხდება, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ექიმის საქმიანობაზე კი ჯარიმა 2000 ლარი იქნება. 4000 ლარით  დაჯარიმდება მაკონტროლებელი ორგანოს ბეჭდის განზრახ დაზიანება.

რეგულირების სააგენტოს უფლება ეძლევა, კლინიკაში გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს და ჯარიმაც გამოწეროს. ამისთვის მას სასამართლოს ნებართვა აღარ დასჭირდება. აღნიშნულ კანონპროექტს კლინიკების დიდი ნაწილი ნეგატიურად შეხვდა და მასში კლინიკების სუბიექტური შეფასების საფრთხე დაინახა.

jandacva.ge