ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება 2014-2022 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, ჯამურ დანახარჯებში, ჯიბიდან გადახდების წილი იმავე პერიოდში 66%-დან 51%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ევროკავშირსა (16%) და შესადარის ქვეყნებთან (38%) შედარებით, კვლავ მაღალია. საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ჯიბიდან გადახდების წილი 2030 წლისთვის 30%-მდე უნდა შემცირდეს.

საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მზარდია, რაც გამოწვეულია ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებითა და გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით, რაც თავის მხრივ სახელმწიფო დაფინანსების ზრდით აიხსნება.

საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 2021 წელს 1,000 ადამიანზე 5.6-ს შეადგენდა, რაც შესადარის და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება. საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო,მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა (55% 2021 წელს).

მოთხოვნა პირველად ჯანდაცვაზე საქართველოში კვლავ დაბალია, მიუხედავად ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა ბოლო ათწლეულში. საქართველოში ამბულატორიული მიმართვების რაოდენობამ ერთ მოსახლეზე 2021 წელს 4.0 შეადგინა, რაც ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის მაჩევნებელს (7.0).

ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობა 2021 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გაუმჯობესდა (ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის მენეჯმენტისთვის გაწეული დანახარჯების შედეგად). წლის განმავლობაში სექტორის EBITDA მარჟა 17.1%-ს გაუტოლდა, წმინდა მოგების მარჟა კი 14.6%-ს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.