გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივნისში უკანონო ტყით სარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათ შორის, 119 -ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი - 69 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; აჭარაში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 19, იმერეთში - 15, შიდა ქართლში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 4, ქვემო ქართლში კი, 1.

ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყით სარგებლობის 1311 ფაქტი გამოავლინეს.