ოთხწლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
„კომერსანტი“ დეტალების გასაცნობად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
მათი თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე კომისია დღეს შეიქმნა, ამიტომ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. განათლების სამინისტროში გვპირდებიან, რომ მუშაობის პროცესი გამჭვირვალე იქნება.
„კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე კომისია დღეს შეიქმნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელმძღვანელი თავად იქნება, მოადგილე კი მინისტრი- ალექსანდრე წულაძე, კომისიის შეკრება სწორედ ამ ფორმით დაიწყება. კონკრეტული გეგმა და ვადები ჯერჯერობით არ გვაქვს.
კომისიის მიზანია, განათლების ხარისხის განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა ჩვენმა სტუდენტებმა კიდევ უფრო ხარისხიანი განათლება მიიღონ და უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ.
ამ სამთავრობო კომისიის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და ეტაპობრივად საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება“,- აღნიშნეს განათლების სამინისტროში.
სამინისტროს ვთხოვეთ, განემარტათ, იგეგმება თუ არა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება, რის შესახებაც ინფორმაცია დღეს ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
„წინასწარ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არასერიოზულია. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კონკრეტული გადაწყვეტილება არაა მიღებული და ისინი ამბობენ, რომ ასეა. ეს აზრი საფუძველსაა მოკლებული, ამაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა“,- აღნიშნა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.