"შაბათის ეთერმა" გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის ოქმები მოიპოვა. მისი პირველი ჩვენება 2023 წლის 13 აპრილს პროკურატურის გამომძიებელს მისცა. მეორედ კი, სასამართლოს კითხვებს მიმდინარე წლის 5 თებერვალს, დისტანციურად უპასუხა და "შაბათის ეთერის" თანახმად, ჩვენებაში ბევრი რამ შეცვალა. ჩვენების შეცვლის მიზეზს ივანიშვილი ასე ხსნის: როდესაც ბაჩიაშვილს უჩივლა და გამომძიებელმა გამოკითხა, მაშინ არ იცოდა, რომ ბაჩიაშვილს მასთან საუბრის ჩანაწერი ჰქონდა.
ჩვენებაში ივანიშვილი საუბრობს შანტაჟზე ბაჩიაშვილის მხრიდან, რომ "კრედიტ სვისთან" დაკავშირებით უკვე მიცემულ ჩვენებას ბერმუდას სასამართლოში შეცვლიდა და მის საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა სინგაპურის სასამართლოში. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ, ბაჩიაშვილისგან, რომელიც "კრედიტ სვისთან" მილიარდიან დავაში მისი ერთადერთი მოწმე იყო, პოზიციის შეცვლა საქმეს გაართულებდა, ამიტომ იძულებული გახდა ეთქვა, რომ ბიტკოინების დაბრუნებაზე პრეტენზია არ ექნებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, იძულებული ვიყავი მისთვის მეთქვა, რომ მან "გაიმარჯვა" და ბიტკოინების დაბრუნებაზე არ მექნებოდა მასთან პრეტენზია.
იძულებული გავხდი, რომ დროებით მაინც დამევიწყებინა ბაჩიაშვილის მხრიდან ბიტკოინების მითვისების ფაქტი",- წერია ივანიშვილის დაკითხვის ოქმში.
შეცვლილ ჩვენებაში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ გასაჯაროებული სატელეფონო საუბრით ბაჩიაშვილთან შეთანხმება არ დაუსრულებია და ამ საუბრის შემდგომ კომუნიკაცია ისევ შედგა.
თავად ბაჩიაშვილი "შაბათის ეთერთან" ამ ყველაფერს გამოგონილს უწოდებს: "სხვა გზა არ რჩებოდა, რაღაც უნდა მოეფიქრებინა და პირდაპირ შეთხზა ისტორია, რომელიც დამახინჯებულ ფაქტებს მოარგო. შეგვიძლია აბზაც-აბზაც გავიაროთ მისი მეორე ჩვენება, ვერც ერთ ეპიზოდს ვერ დაამტკიცებს",- ამბობს ბაჩიაშვილი.
"შაბათის ეთერმა" ასევე მოიპოვა ივანიშვილის და გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც გერმანიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა. "ტვ პირველის" თანახმად, 11 წუთიანი აუდიოფაილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა უნდა, მილიონ ნახევარი პირადად აქვს, სარფიანი გარიგების გასაფორმებლად კი, ბანკიდან 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ჩანაწერში ისმის რომ, ბაჩიაშვილი ივანიშვილს სესხის მიცემას სთხოვს. იმასაც ეუბნება, რომ მთელ მის ფულს, რაც კი აქამდე უშოვია, ამ ბიზნესში აბანდებს. ივანიშვილს ბაჩიაშვილი უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი მილიონ ნახევრიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს.
შეგახსენებთ, ივანიშვილი-ბაჩიაშვილის ბიტკოინების საქმეზე შარშან ზაფხულზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შუუფარდა და გამოძიების დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
ქმედება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.