„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ლგბტ უფლებების გარდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაარეგისტრირა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მისი პირველი მოსმენით მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ 28 ივნისამდე იგეგმება, მეორე და მესამე მოსმენით კი საშემოდგომო სესიაზე [3 სექტემბერს იხსნება] მიიღებენ.
მმართველი პარტიის საკანონმდებლო პაკეტი ერთი ძირითადი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.
რა ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს საკანონმდებლო პაკეტი?
ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 13 მუხლისგან შედგება და 11 საკითხს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებას არეგულირებს.
მუხლი 8. ინფორმაციის გავრცელება
- „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება.
ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.
- „დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
- „დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.
ცვლილებები უკვე მოქმედ კანონებში
ძირითადი კანონპროექტისმე-8 მუხლიდან გამომდინარე ცვლილებები შევა „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის [შინაარსობრივი ვალდებულებები] პირველ პუნქტს დაემატება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილი, რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული ჩანაწერი 63-ე მუხლს დაემატება. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაცავად კი 59² მუხლი გაჩნდება.
ჯარიმები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს.
კანონით აკრძალული რეკლამის გავრცელება "გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.
ინფორმაციის გავრცელება კი - "გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით".
ვრცლად იხილეთ mediachecker.ge