გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასების მიზნით, სამუშაო ჯგუფი საველე სამუშაოებს ახორციელებს - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების — ზიარის, ფხოველის, ჩუმლაყისა და ჭერემის

ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტისა და სხვა ბუნებრივი ფასეულობების შესასწავლად. კვლევითი სამუშაოები დაახლოებით 20 000 ჰექტარზე განხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საველე სამუშაოებში ჩართულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.