დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ - აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიის პიკზე, გურიის მასშტაბით, ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%.
„მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.
აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.
ასევე, ძაბვა მიეწოდება სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის, ელექტროენერგიით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება.
აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია“, - აღნიშნავენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში, შესაძლოა, გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი და ადგილზე ახალი ბოძების მიტანის საჭიროება იყოს.
„შესაძლოა, იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა, ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.