გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 102 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 25 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის იანვრის თვეში დალუქულია 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული. სამართალდარღვევების შემცირება ფიქსირდება გასული და მიმდინარე წლების თვის მაჩვენებლებშიც - 2025 წლის იანვარში, 2026 წლის იანვართან შედარებით, დეპარტამენტის მიერ უკანონო ტყითსარგებლობის 20-ით მეტი - 147 ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს