გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. 


ღონისძიება ჩატარდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთის მიმდებარედ. 


შედეგად, მდინარე მტკვრიდან  ამოღებულია საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი, რომელშიც დაახლოებით 150 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული. სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს.  


ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს