გარემოს ეროვნულ სააგენტოში ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრის (ECMWF) ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ექსპერტებმა სააგენტოს პროგნოზირების და ადრეული შეტყობინების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს ECMWF-ის თანამედროვე საპროგნოზო პროდუქტები გააცნეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებისთვის კლიმატური მონაცემების და პროგნოსტიკული პროდუქტების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების  მიმართულებით ტრენინგები გაიმართა.

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების  გაძლიერებას.

საქართველო ECMWF-ის ასოცირებული წევრი ქვეყანა 2021 წლის დეკემბერში გახდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრის თანამშრომლობა მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური ინიციატივის ფარგლებში, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.

მიმდინარე თანამშრომლობის შედეგად, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში იღებს ECMWF-ის თანამედროვე მეტეოროლოგიურ მონაცემებსა და პროგნოზირების პროდუქტებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში ამინდის პროგნოზირების სიზუსტის გაუმჯობესებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ეფექტიანობის გაზრდისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.