სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 61.7% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 34.8% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 12.2%-ს აქვს.

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა 82%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. 13.2% ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. გამოკითხულთა 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

კითხვაზე ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ "ქართული ოცნება". სხვა აქტორებს შორის მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა: ბიძინა ივანიშვილი (23.6%), ნაციონალური მოძრაობა (16%) და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (16.5%).

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.