უსამართლო საბინაო პოლიტიკის მიზანი, დევნილების სახელმწიფოზე დამოკიდებულების შენარჩუნების მცდელობაა, - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება და ანონსდება აქცია ამ პოლიტიკის შეცვლის მიზნით. 

"შანტაჟით მოპოვებული დუმილის პირობებში კი, სახელმწიფო მარტივად აგრძელებს დევნილების დღის წესრიგიდან გარიყვასა და მათ უგულებელყოფას," - წერენ აქციის ორგანიზატორები.

იძულებით გადაადგილებული პირების აქცია, გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკის მოთხოვნით, 12 თებერვალს 16:30 საათზე, დევნილთა სააგენტოსთან გაიმართება. 

განცხადება უცვლელად:

"აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს მუდმივი საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ „დროებით“ კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე!

32-წლიანი ლოდინისა და თმენის პარალელურად, საბინაო პოლიტიკა სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია!

ამ ბუნდოვანების მიზანი ყველა ჩვენგანისთვის ცხადია:
სახელმწიფოს სურს დევნილები მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს საცხოვრისის მიღების დაუსრულებელი და უსაფუძვლო მოლოდინის შექმნით;
ასე გაგვაჩუმოს, მასზე დამოკიდებული გაგვხადოს და სასოწარკვეთასა და მარტოობაში გვამყოფოს!

შანტაჟით მოპოვებული დუმილის პირობებში სახელმწიფო მარტივად აგრძელებს დევნილების დღის წესრიგიდან გარიყვასა და მათ უგულებელყოფას!

ამ უსამართლო პოლიტიკით გამოწვეულ სასოწარკვეთას დევნილები მიჰყავს გამოუვალ მდგომარეობამდე, სადაც მათ პროტესტის ერთადერთ გზად უკიდურესი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ფორმები ესახებათ.

დევნილებისთვის ისიც ცხადია, რომ ბუნდოვანი საბინაო პოლიტიკა მრავალწლიან კორუფციულ უერთიერთობებსა და სქემებზე დგას.

სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ ახსენდება დევნილები, როცა მათგან საარჩევნო ხმის მიღება სჭირდება, ან მათი ტრავმებით მანიპულირებას ცდილობს!

სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების მხარდამჭერი, მეტიც, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ დევნილების ხმა ვერავის მიწვდენოდა!

შანტაჟისა და უგულებელყოფის პოლიტიკამ ზედმეტად ბევრი მსხვერპლი მიიღო ჩვენგან, საკმარისია!

ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 16:30 საათზე, დევნილები ვიკრიბებით დევნილთა სააგენტოსთან (თამარაშვილის 15ა) და მოვითხოვთ საბინაო პოლიტიკის გამჭვირვალობასა და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს!

არაფერი ჩვენზე, ჩვენ გარეშე", - წერია განცხადებაში.