სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა მსოფლიო მასშტაბით ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და ხშირად განხილულ ეკონომიკურ პრობლემად იქცა. ეს ტენდენცია მრავალი ფაქტორის კომბინაციით აიხსნება, რომელთა შორის არის კლიმატური ცვლილებები, გლობალური მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, ენერგორესურსების გაძვირება, გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური არასტაბილურობა.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მონაცემებით, 2015–2025 პერიოდში ფასები ყველაზე მეტად მცენარეული ზეთების და ცილოვანი პროდუქტების კატეგორიებში გაიზარდა.
ბოლო ათ წელიწადში მცენარეული ზეთების კატეგორიამ დაახლოებით 70%-მდე ზრდა დააფიქსირა. რძის პროდუქტები დაახლოებით 55%-ით არის გაძვირებული, ხორცის ფასის მატებამ კი 30%-იან ნიშნულს მიაღწია, მარცვლეული 10%-იან ზრდას აფიქსირებს, ხოლო შაქრის შემთხვევაში ზრდა 5%-ის ფარგლებშია.
მიმდინარე წლის ტენდენციებზე საუბრისას „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი ამბობს, რომ ფასები მარცვლეულზე კლებას აჩვენებს, რაც ერთი მხრივ ჭარბ მოსავლიანობას და მეორე მხრივ, აზიისა და აფრიკის მხრიდან შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. რაც შეეხება ხორცს, შაქარსა და ცხიმებს, აქ კვლავ ზრდის ტენდენცია იკვეთება.
„ჯერ პანდემიამ და შემდეგ ომმა უკრაინაში თავიდან ბოლომდე დაარღვია მთელი მიწოდების ჯაჭვი და ის სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც სახელმწიფოებს შორის გლობალურად არსებობდა. შესაბამისად ამან გამოიწვია არასტაბილურობა და ფასების მატება ყველა პროდუქტზე, თუმცა 2022 წლის შემდეგ ნელ-ნელა ფასებმა დაიწყო დაბალანსება.
2025 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ ის საშუალო ქულა რომელიც დადგინდა, უცვლელია. კლების ტენდენცია გრძელდება მარცვლეულის თითქმის ყველა კატეგორიაზე გარდა სიმინდისა. ეს საშუალო ინდექსი წინა წელთან შედარებით მაინც მაღალია იმიტომ, რომ ის დააბალანსა ხორცზე, მცენარეულ ზეთზე და შაქარზე ფასების ზრდამ.
უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ზაფხულის პერიოდში მარცვლეულზე მიმდინარეობდა უწყვეტად კლება, რაც გამოწვეული იყო ჭარბ მოსავლიანობით ევროკავშირსა და რუსეთში და ასევე დაბალი მოთხოვნით აზიის და აფრიკის მხრიდან. ხოლო ხორცზე, შაქარზე და ზეთზე, განსაკუთრებით პალმის ზეთზე მოთხოვნა იზრდება და ამან შეამცირა ის კლების ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში იყო.
მარცვლეული სტრატეგიული პროდუქტია და შესაბამისად ამიტომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას. მსოფლიოს მასშტაბით როცა პროგნოზებზე ვსაუბრობთ, 2025 წელს ფაოს აქვს გაკეთებული რეკორდული მაჩვენებლის პროგნოზირება, 3 მლრდ ტონა მარაგის შექმნას ვვარაუდობთ. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება და ადგილი არ ექნება კლიმატურ ცვლილებას ან პოლიტიკურ მოვლენებს, მაშინ ფასის ზრდას არ ველით,“ - განაცხადა მარუაშვილმა.