2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია აიკრძალება და მომსახურების მიღება მხოლოდ  საქართველოს მოქალაქე  წყვილებისთვის იქნება დასაშვები. აღნიშნული საკითხი, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ შეაფასა, მისი თქმით ამ სფეროში  შესაძლოა რეგულაციები გასამკაცრებელია, თუმცა მისი სრულად აკრძალვა არასწორია. სურგულაძე ასევე  აღნიშნავს, სამუშაო შეხვედრებზე რომელიც დარგის სპეციალისტებთან მიმდინარეობდა, ვერც  ერთი მიზეზი ვერ დასახელდა იმისა, თუ რატომ მიიღეს აკრძალვის გადაწყვეტილება და რა  გახდა ამის საფუძველი.

„დაჩქარებული წესით რატომ უნდა იყოს ესეც არ მესმის, ამბობენ ქართული გენი გადის ქვეყნიდანო და ზრდასრული ადამიანი, რომ მიდის და იქ თხოვდება, ან ცოლი მოჰყავს, მაშინ არ გადის? არც ერთი მყარი არგუმენტი არ არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აიკრძალოს დარგი, რომელიც  წლების მანძილზე ვითარდებოდა და ახლა ამ გადაწყვეტილებით დარგს კლავენ.

მიზეზად ასახელებენ, რომ სუროგაციის  გზით  გაჩენილი ბავშვების 98% უცხოელ წყვილებს მიჰყავთ ქვეყნის  ფარგლებს გარეთ და იქ როგორ არიან ეს ბავშვები არ ვიცითო, რატომ არ  შეიძლება, რომ ამასაც  გაუწიონ კონტროლი, თუ ის ვიცი ბავშვთა სახლიდან გაყვანილი ბავშვი სად მიდის, რატომ არ  შეიძლება იმ დარგის გაკონტროლება, რომელსაც დიდი შემოსავალი მოაქვს როგორც  სახელმწიფოსთვის, ასევე შესაბამისი დაწესებულებისთვის.

სუროგაცია დაშვებულია ბრიტანეთში, ისრაელში,  ავსტრალიაში, აშშ-ის უმრავლეს შტატში. საქართველოში სუროგაციის  გზით  პირველი ბავშვი 2008 წელს გაჩნდა და მას მერე  ეს დარგი ძალიან განვითარდა, საქართველოში საკმაოდ ხარისხიანად და კარგად მუშაობს,“ - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ვატო სურგულაძე სუროგაციის  უანგარობის პრინციპსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ორსულობის და მშობიარობის ხარჯების დაფარვა ძალიან მცირე თანხაა და სუროგატი დედის ანაზღაურება თვიურად მინიმუმ საშუალო ხელფასთან უნდა იყოს გათანაბრებული.

„ეს ადამიანი ცხრა თვე უნდა იყოს ორსულად, ამ ყველაფერს თავისი შეზღუდვები სჭირდება, თუ მუცელი მოეშლება, წყვილი მას ძალიან მცირე თანხას უხდის. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ექსპერტებთან და სპეციალისტებთან იმუშავეს მაგრამ არაფერი არ გაითვალისწინეს.

აქ ასევე არის იმის საშიშროებაა, რომ გაჩნდება შავი ბაზარი, შეიძლება ავკრძალოთ ის, რომ სუროგატ დედას არ  ჰქონდეს კვერცხუჯრედის  დონაციის უფლება, მაგრამ ასე ხელაღებით ავკრძალოთ სექტორი, არასწორია,“ - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.