,,სანამენტე’’- ეს კვებითი აშლილობის სამკურნალო პირველი კლინიკაა საქართველოში. ის მხოლოდ ამ ნიშნით არ გამოირჩევა. ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარული კლინიკა ამიერკავკასიაში პირველია, რომელიც ფრანგულ მოდელზეა დაფუძნებული. ,,სანამენტე’’ 7 თვეა, რაც პაციენტებს იღებს და ამ პერიოდში კლინიკა 500-მდე ადამიანს დაეხმარა.
კლინიკის შექმნის იდეა ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს ნინო მენაღარიშვილს გაუჩნდა. მან განათლება და სამედიცინო პრაქტიკა საფრანგეთში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სარეაბილიტაციო სერვისის დეფიციტი იყო, რის გამოც ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარული კლინიკის გახსნა გადაწყვიტა.
,,საფრანგეთიდან რომ ჩამოვედი დავაარსეთ საკონსულტაციო ცენტრი. აქ შევეჯახეთ იმას, რომ ადამიანებს ესაჭიროებოდათ რეაბილიტაცია და რეალურად სარეაბილიტაციო ადგილი არ არსებობდა. ან იყო მწვავე ფსიქიატრია, რომელიც არის სახელმწიფო, იქაც ალტერნატივა არ არის, ან იყო ამბულატორია. შუა რგოლების ნაკლებობა დავინახეთ. ბევრი ადამიანი, რომელიც მწვავე არ იყო და სახელმწიფო ფსიქიატრიულში ხვდებოდა, უცებ ცუდად ამთავრებდა თავის ცხოვრებას ან მდგომარეობას. მივხვდით, რომ აუცილებელი იყო კლინიკის დაფუძნება.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ნინო მენაღარიშვილი.
იდეის განხორციელებაში ნინოს პარტნიორები დაეხმარნენ. ერთ-ერთი პარტნიორი ექიმია, რომელმაც საინვესტიციო ფონდი მოიძია. სწორედ ამ ფონდის დახმარებით, მათ კლინიკა ნულიდან ააშენეს. შენობა სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებებისგან განსხვავდება. მას არ აქვს გისოსები. ,,ეს უნდა ყოფილიყო მზრუნველი გარემო, სადაც ადამიანი კარგად ყოფნას იპოვის. ამიტომ ფანჯრებიც კი უტეხი ჩავსვით, რომ თავიდან აგვერიდებინა დაგისოსება. პაციენტს არ უნდა ეგონოს, რომ რახან ცუდად არის დამნაშავეა.’’- აცხადებს ნინო მენაღარიშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ,,სანამენტე’’ მკურნალობის ფრანგულ მოდელს იყენებს. ეს მოდელი გულისხმობს ადამიანის, როგორც ერთეულის აღდგენას, სადაც მედიკამენტური მკურნალობა არა ძირითადი, არამედ დამხმარე საშუალებაა. მეთოდი ძირითადად თერაპიული ჩარევასა და ადამიანის თავის თავში გარკვევას ეყრდნობა. ნინო მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ინტერესი კლინიკის მიმართ მაღალია, რაც მომართვიანობაში გამოიხატება.
,,ინტერესი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ალტერნატივა არ აქვს დაწესებულებას. მეორე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებებში იყო ძალიან დიდი სტიგმა. ფსიქიატრია ყოველთვის სტიგმის მსხვერპლი იყო, მაგრამ ახლა ამ სტიგმის ნელ-ნელა დაძლევის ფონზე ადამიანების თავს უფლებას აძლევენ თქვან, რომ ცუდად არიან და იციან, რომ ფსიქიატრია განაჩენი არ არის. ,,სანამენტეს’’ დევიზი ეს არის, რომ ფსიქიატრია განაჩენი არ არის და ადამიანებს აქვთ უფლება რომ ცუდად იყვნენ.’’- აცხადებს ნინო მენაღარიშვილი.
,,სანამენტეში’’ ყველა მიმართულების პაციენტს, ასაკის განურჩევლად სათანადო დახმარებას უწევენ. კლინიკაში ცალკე განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც კვებით აშლილობას მკურნალობენ. კლინიკა პაციენტებს მკურნალობის გავლას სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. ,,აქ არის 24 საათიანი გაჩერება და არის ისეთი მოდელიც, რომელიც დღე მივა და საღამოს წავა. რომელიც ძალიან ჭრის თინეიჯერებში. არ არის აუცილებელი ადამიანი თვეობით კლინიკაში იწვეს. პაციენტი ნელ-ნელა გადაგვყავს დღის სტაციონარზე, შემდეგ რამდენიმე დღეს გარეთ ატარებს, რამდენიმე დღეს ჩვენთან და ასე ნელ-ნელა ვუშვებთ ხელს.’’- აცხადებს ნინო მენაღარიშვილი.
ფსიქიატრთან კონსულტაციის ფასი 100 ლარს შეადგენს, თუმცა თუ პაციენტის კლინიკაში დარჩენა გადაწყდა, მას კონსულტაციის თანხას აღარ ართმევენ. ზრდასრული პაციენტისთვის კლინიკაში 24 საათიანი მკურნალობა 350 ლარი ჯდება. ეს მოიცავს საჭირო მედიკამენტებს, სამჯერად კვებას, ექიმთან საჭირო რაოდენობის კონსულტაციას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიებს. მოზარდებისთვის აღნიშნული მომსახურების ღირებულება 300 ლარია. დღის სტაციონარში ზრდასრულისთვის სერვისის მიწოდება 250 ლარი ჯდება, მოზარდისთვის კი 200 ლარი.
„სანამენტეს“დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სოლიდარობის ფონდის დაარსებას გეგმავენ. ფონდი იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. ფონდში ორგანიზაციებს, კერძო პირებსა და ყველა მსურველს შემოწირულების ჩარიცხვის საშუალება მიეცემათ.