ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, მდინარე არაგვის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„აღნიშნული აქტივობა ნაკადულის კალმახის გამრავლებისა და ბუნებრივი პოპულაციის აღდგენისკენ არის მიმართული. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, მდინარის დათევზიანების პროცესში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ მიიღო მონაწილეობა.

ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი საქართველოში 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოწყვლადი სახეობის დაცვასა და მდგრადი პოპულაციის ფორმირებას. ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მეთოდად ითვლება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების პროცესს საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსერვაციული ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია მოწყვლადი სახეობების დაცვისა და აღდგენისკენ.

ნაკადულის კალმახის გამრავლებისა და მდინარეების დათევზიანების პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მდინარეთა ეკოსისტემების გაძლიერებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას“ - ნათქვამია ინფორმაციაში.