ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ნავთობის გადამზიდი ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Yle იუწყება.

გამოძიების ეროვნული ბიუროს გამოძიების ხელმძღვანელის, სამი პაილას თქმით, Eagle S-ის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია, ზოგი თვითმხილველია, ზოგის სტატუსი კი გაურკვეველია.

პოლიცია გემზე ამჟამად წინასწარ გამოძიებას ატარებს.

ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის, Estlink 2-ის დაზიანებასთან ერთად, მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელიც დააზიანა, რომელთაგან ორს ტელეკომუნიკაციების კომპანია, Elisa ფლობდა, ერთს - ჩინური ფირმა CITIC Telecom-ი, ერთს კი ფინეთის სახელმწიფო კომპანია, Cinia.

Elisa-ს უსაფრთხოების დირექტორის ცნობით, კაბელების მუშაობა Estlink 2-ის დაზიანებიდან რამდენიმე საათში შეფერხდა. საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის ვებგვერდის, MarineTraffic-ის ინფორმაციით, Eagle S აღნიშნულ სადენებთან 25 დეკემბრის საღამოს 6-7 საათებში გაიარა, დაახლოებით მაშინ, როცა კომპანიამ შეფერხებები შენიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააკავეს. მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.

ფინეთის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, Eagle S-ს ღუზები არ ჰქონდა. მაღალჩინოსნების თქმით, წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით, დასაშვებია, რომ ელექტროსადენის დაზიანება გემის ღუზამ გამოიწვია

ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ. 

მანამდე, ფინეთის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენი დაზიანდა.

ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერაციების ხელმძღვანელის ცნობით, EstLink 2 კაბელზე, რომელიც ფინეთიდან ესტონეთში ელექტროენერგიას აწვდიდა, დენის მიწოდება 25 დეკემბერს  ადგილობრივი დროით 12:26 საათზე შეწყდა.

ელექტროგადამცემი ქსელის მმართველი კომპანიის, Fingrid-ის ხელმძღვანელმა, Yle-ს განუცხადა, რომ ტერორიზმის ან ვანდალიზმის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.

წყარო: ტაბულა