ფარმაცევტთა ასოციაცია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განცხადებით გამოეხმაურა. აღნიშნულ ცვლილებებს ფარმაცევტული სექტორი ნეგატიურად აფასებს და მოითხოვს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს მანამდე, სანამ დარგის სპეციალისტების ჩართულობით არ მოხდება მისი შემუშავება.

როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, ასოციაციის განცხადების მიზეზი გახდა ის, რომ რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება, სასამართლო რგოლის ჩართულობის გარეშე შევიდეს ნებისმიერ ობიექტზე. ეს ეხება - წარმოებას, სადისტრიბუციო ქსელებს, აფთიაქებს.

„როცა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლიათ შევიდნენ და შეამოწმონ ესა თუ ის ობიექტი, ამით სექტორის უფლებები ირღვევა. მარეგულირებელი დადებითად თუ იმას აფასებს, რომ ამით მომხმარებლის უფლებები გამოსწორდება, რეალურად, დღევანდელ დღემდეც, ამ კანონპროექტის წარმოდგენამდეც, ჰქონდა მარეგულირებელს შესაძლებლობა ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესულიყვნენ ამა თუ იმ ობიექტზე და დაეწყოთ შემოწმება, მაგრამ შემდეგ 24 საათში უნდა წარმოედგინათ საბუთი - რატომ მოხდა ამ ობიექტის შემოწმება და შემდეგ სასამართლოს ნებართვით გაეგრძელებინათ პროცესი. ეს ყველაფერი დღევანდელი კანონმდებლობითაც გაწერილია“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

მისი თქმით,  გუშინ ამ კანონპროექტის მეორე მოსმენისას, გარკვეული მოსაზრებები იქნა გაზირებული, მაგრამ არა სრულად.

„კანონში ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი ნებისმიერ მომენტში შედის საწარმოებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში, ამასთან ერთად, სასამართლოს უნდა მიმართონ 72 საათის განმავლობაში და სასამართლოსგან უნდა მიიღონ თანხმობა - გააგრძელონ თუ შეწყვიტონ ამა თუ იმ ობიექტის შემოწმება. ეს დადებითი ფაქტორია, მაგრამ იმ ჩამონათვალში, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, არ ეტაპზე, არ არის აფთიაქები. ამან განაპირობა ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება“, - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.

ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მათ მხრიდან, კანონში ცვლილებების მიმართ არსებულ პროტესტს იმით ხსნის, რომ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს მუდმივი სტრესის ქვეშ მოუწევთ ყოფნა, მარეგულირებელს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლება შესვლა. მისი თქმით, აქამდე არსებული კანონმდებლობით, წელიწადში ერთხელ მარეგულირებელს ისედაც შეეძლო აფთიაქებში და სექტორის სხვა დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა.

რაც შეეხება კანონის აღსრულების მექანიზმს, მისი თქმით, ის ძალიან ხისტია.

„აღსრულების მექანიზმი ხდება მყისიერად, როგორც კი მარეგულირებელი შევა ობიექტზე, რა სანქციასაც შემოიღებს, მყისიერად უნდა აღსრულდეს, ჯარიმა იქნება ეს, თუ ოპერირების შეჩერება. იურიდიულ პირს აქვს იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ეს შეიძლება თვეების და წლის განმავლობაშიც გაიწელოს, ამ პერიოდში ეს ობიექტი ჩერდება, რასაც მატერიალური ზარალი მოჰყვება, თანამშრომლებმა შესაძლოა დატოვონ სამსახური. შემდეგ, სასამართლომ რომც გაამართლოს ესა თუ ის იურიდიული პირი, ძალიან რთული იქნება მისი ბაზარზე დაბრუნება. ამას სირთულეები მოჰყვება და მიგვაჩნია, რომ არ არის სწორი“, - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.