საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, მიმოქცევაში იქნა გაშვებული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025-სადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები.
„აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა ოთხმარკიანი ფურცელი, რომლის შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია ხელმისაწვდომი. თითოეული საფოსტო მარკის ნომინალია 1 ლარი, ტირაჟი კი 20,000 ცალია. მარკების დიზაინის ავტორია ბადრი ქობლიანიძე.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციით და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, სამინისტროს მიერ შემუშავდა და დამტკიცდა საფოსტო მარკის „ბაკურიანი 2025“ - ის დიზაინი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. კერძოდ, ბაკურიანში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას ჩვენ მარკების ახალი სერიით ვეხმიანებით. ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრის ჩატარება საქართველოს, როგორც ზამთრის კურორტების და სპორტული ტურიზმის პოპულარული მიმართულების კიდევ ერთი დიდი აღიარებაა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარკების კომისიის თავმჯდომარემ გურამ გურამიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობები განვითარდეს, ისევე, როგორც ამისთვის საჭირო საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. „ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, შედეგი სახეზე გვაქვს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მაღალი დონის ზამთრის სპორტული აქტივობების მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე,“ - გურამ გურამიშვილმა.
ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მიიღებს. საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს