Climate Central-ის ახალი ანალიზის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე, გლობალურად ყოველი 5 ადამიანიდან მინიმუმ ერთმა კლიმატის ცვლილების გავლენა საკუთარ თავზე გამოცადა. კვლევის მიხედვით, გასულ ზამთარს მსოფლიოში ექსტრემალური სიცხე კლიმატის ცვლილების ყველაზე გავრცელებული და თვალსაჩინო ეფექტი იყო.

კვლევები აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებამ გასული თვეების სტიქიური მოვლენების ალბათობა გააორმაგა, ლოს-ანჯელესის ხანძრების ალბათობა კი 35%-ით გაზარდა.

ზამთრის სამი თვის განმავლობაში სარისკოდ მაღალი ტემპერატურა 30 ან მეტი დღის განმავლობაში 394 მილიონ ადამიანს შეეხო, მათი 74% კი აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობს.

“სარისკოდ მაღალი ტემპერატურა” ფიქსირდება იმ დღეებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღემატება ადგილობრივ დონეზე 1991-2020 წლებში დაფიქსირებული მაჩვენებლების 90%-ს.

ზამთრის სამი თვე საშუალოზე თბილი იყო ევროპის 43 ქვეყნიდან 42-ში. რუსეთში დეკემბერ-თებერვლის შუალედში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურა 3.1°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ლიეტუვასა და ლატვიაში ეს სხვაობა 2.8°C იყო, ესტონეთში კი - 2.7°C.

ზამთრის განმავლობაში ყველაზე მეტი ანომალიურად ცხელი დღე მალტაში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე ნორვეგია და ესტონეთი არიან, მესამეზე კი - ლატვია. 

TOP 10 ქალაქიდან, სადაც ზამთრის სეზონზე უჩვეულოდ თბილი ამინდი შეინიშნებოდა, ათივე აღმოსავლეთ ევროპაშია. ესენია: ვილნიუსი, მინსკი, ტალინი, რიგა, ჰელსინკი, ხარკოვი, სარაევო, კიევი და კიშინიოვი.