ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებით გამოწვეულ რისკებზე საუბრობენ ონკოპაციენტებიც. საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული ადამიანები ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, რადგან მკურნალობა, რომელსაც ისინი ევროპაში უფასოდ გადიან, საქართველოში და თუნდაც თურქეთში, კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, რომელიც მათ, ფიზიკურად, არ აქვთ.

"ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება საფრთხის წინაშე, რადგან ვერ მიიღებენ იმ ყველაფერს, რასაც ჩენ აქ ვიღებთ, აქ გვეძლევა ამის შანსი, ამის შესაძლებობა, ფაქტობრივად, გადარჩენის. უამრავი პაციენტია, რომელსაც სასწრაფო გადაუდებელი დახმარება სჭირდება. სულ ახლახანს იგივე მდგომარეობა იყო. სამწუხაროდ, ეს გოგონა გარდაიცვალა, იმიტომ, რომ დროულად ვერ მიიღო და უკვე დაგვიანებული მდგომარეობა ჰქონდა.

რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის შესაძლებელი გარკვეული სერვისების მიღება, ასევე, ძალიან კარგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი თურქეთსა და ისრაელში, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხარჯებთან დაკავშირებული, უზარმაზარ ხარჯებთან, კოლოსალურ ხარჯებთან და საშუალოდ მცხოვრები ადამიანი საქართველოში ამას ვერ უმკლავდება. მაშინ, როცა მე, მეორე ჯგუფის ინვალიდს პენსია მაქვს 195 ლარი და მხოლოდ ექიმის კონსულტაციაში თვეში ერთხელ, ჯანმრთელობის ცნობისთვის გადაგსაგზავნად რომ უნდა გადავიხადო 200 ლარი და იმის გარდა რა კვლევები მჭირდება ყოველთვიურად, ეს წარმოუდგენელ თანხებს უკავშირდება," - ამბობს ემიგრანტი ემიგრანტი ქეთი ქურასბედიანი.

კავშირი სიცოცხლისთვის ფონდის დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე პირდაპირ ამბობს, რომ ვენს ქვეყანას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ვიზალიბერალიზაციაზე უარი თქვას. 

"წამლები არ არის ხელმისაწდომი, კვლევები არ არის ხელმისაწვდომი. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შედის დაფინანსებაში და თანხებიც არ გვაქვს ამდენი. ევროპა არის ჩვენთვის გადარჩენა და ყველა მიაშურებს ევროპას და იციან,რომ უზრუნველობა აქვთ, წამალი აქვთ, კვლევა აქვთ უფასოდ. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ აქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციაზე, სიცოცხლეზე ვთქვათ უარი", - ამბობს კავშირი სიცოცხლისთვის ფონდის დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე.

მმართველ ძალას ევროპარლამენტი აფრთხილებს, რომ "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".

ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია".

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი მოქმედ  მთავრობას არ აღიარებს.

tvpirveli.ge