„ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ, იმიტომ რომ ევროკავშირს ამაზე უფრო მსუბუქი კანონი უნგრეთში გაუქმებული აქვს. პირდაპირ ვიცით, რომ ასეთი კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. როგორ მიგვიღებს ევროკავშირი მასთან შეუსაბამო სამართლებრივი კანონებით, შეუძლებელია ეს.“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი  მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით აღნიშნული კანონს რუსულ კანონად აქცევს ის, რომ მას არ აქვს ორი ძირითადი ჩამკეტი მექანიზმიდან არც ერთი.

„პირველი მექანიზმი არის იმ ქვეყნების ჩამოთვლა, რომლის წინააღმდეგაც არის ეს კანონი მიღებული. როდესაც არგუმენტად მოჰყავთ, რომ საფრანგეთში იღებენ ამ კანონსო, საფრანგეთში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც არის მიღებული ეს კანონი. ესენია რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი.

დიდი ბრიტანეთის აქტს მითითებული აქვს დანართი თუ რომელი ქვეყნების წინააღმდეგ იღებენ ამ კანონს, როდესაც საფრანგეთში იღებენ ამას დათქმაც უდევს და წერია, რომ ეს ევროკავშირის ქვეყნებზე არ ვრცელდება.

ჩვენთანაც კანონში ჩაიდოს ასეთი მექანიზმი და ჩაიწეროს, რომ ამ კანონს ვიღებთ რუსეთის წინააღმდეგ, ან ნებისმიერი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რატომ ვაყენებთ რუსეთს და ევროკავშირს ერთ სიბრტყეში, ამით გამოდის, რომ ევროკავშირს ვეუბნებით თქვენც ისეთივე უცხოები და ისეთივე მტრული ხართ ჩვენ მიმართ როგორც რუსეთი“ - აღნიშნა საბა ბრაჭველმა.

რაც შეეხება მეორე ჩამკეტ მექანიზმს საბა ბრაჭველი განმარტავს, რომ ამ მექანიზმის გამოყენება შეიძლება საქმიანობის შეზღუდვის კუთხით. მისივე თქმით ყველა ასეთ ქვეყანაში, რომელიც არ ჩამოთვლის მეგობრული ან არამეგობრული ქვეყნების სიას მოქმედებს შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით.

„ეს კანონი უნდა შეეხოს და ეხება ლობისტურ საქმიანობას და არა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს. წინა წელს აქტიურად ამბობდნენ, რომ ასეთი კანონი აქვს ამერიკას  იგულისხმება FARA  და  რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს.

Fara ეხება ლობისტურ საქმიანობას და ლობისტებს და გამოყენებული ყოფილა მხოლოდ მაშინ მედიის მიმართ როდესაც ეს მედია იყო ფსევდო მედია და წარმოადგენდა სხვა სახელმწიფოს ინტერესების პირდაპირ აგენტს. მაგალითად ეს იყო რუსეთის მედიები Sputnik , Russia Today და ჩინეთის ერთ-ერთ მედია.

მაგრამ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, მაგალითად BBC, deutsche welle, France-Presse ეს კანონი მათ არ ეხება, არ შეეხება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც თუ ის გახსნის იქ ბიუროს, იმიტომ რომ აქვს ორგანიზაციული დამოუკიდებლობა.“ - აღნიშნა საბა ბრაჭველმა.

ბრაჭველის  განმარტებით ის კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა არის რუსული იმიტომ, რომ  მიყვება რუსულ ყაიდას, არ იყენებს არც ერთ ჩამკეტ მექანიზმს და პირიქით ურტყამს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„როდესაც უნგრეთში მსგავსი კანონი მიიღეს ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა, ეს იყო პირდაპირ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისთვის, შეურაცხყოფისთვის და ღირსების შელახვისკენ მიმართული, რომ ადამიანებს აღარ ემუშავათ.

თუ ჩვენ კანონში ჩაიდება დათქმა, რომ  ეს ეხება ლობისტებს, არ იქნება არანაირი პრობლემა.

აბსოლუტურად ყველაფერი დევს საიტებეზე, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ 35 წელია საქართველოში ამდენი ორგანიზაცია მუშაობს და არ იცის მთავრობამ საიდან მოდის და სად მიდის ფული. ამის აღნიშვნა თუ უნდათ სახალხო დამცველმაც თქვა, რომ გრანტების შესახებ კანონში ჩაიწეროს მუხლი, რომელიც პრობლემას მოაგვარებს, ამის ნაცვლად სურთ რომ ამ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა, რომ მათ მუშაობა აღარ გააგრძელონ.

ცალკეა ის შედეგები რასაც ეს კანონი მოიტანს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვერ შევალთ, იმიტომ რომ ამაზე უფრო მსუბუქი კანონი ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა და როგორ შევალთ ევროკავშირში მის სამართალთან შეუსაბამო კანონებით“ - აღნიშნა საბა ბრაჭველმა.

ბრაჭველის განმარტებით საქართველოში კანონის მიღების  შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს 6 თვეში ერთხელ თუნდაც დასმენის მეშვეობით, ნებისმიერ ორგანიზაციაში შესვლა და ამ ორგანიზაციის თანამშრომლების თუ ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების ამოღება და დამუშავება შეეძლება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ეს ბენეფიციარები აღარ მივლენ არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არც გრანტებით დაფინანსებულ მედიებთან თავიანთი პრობლემებით.

„ეს გამოიწვევს არა მხოლოდ სტიგმატიზებას, ეს გამოიწვევს იმას, რომ ხალხი ჩვენამდე აღარ მოვა და ვეღარ მიიღებენ სერვისებს  მაგალითად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები და ა.შ. ეს იქნება მთავარი უბედურება, რომელსაც ეს  კანონი მოგვიტანს.

როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ისეთში სადაც ყველა მედიას, ყველა ორგანიზაციას რომელიც არსებობს აკონტროლებდეს მთავრობა იმის შიშით, რომ იუსტიციის სამინისტროს შეუშვებს  თუ რამე განსხვავებულს იტყვის, თუ გვინდა ევროპული სახელმწიფო, სადაც ყველას აქვს ერთმანეთის დახმარების და თვითორგანიზების საშუალება“ - აღნიშნა საბა ბრაჭველმა.